წულუკიანი: გელათში პრობლემა გაჩნდა იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემია დიდი ხანი აღარ იყო მოწოდების სიმაღლეზე

პუბლიკა

თეა წულუკიანი თეატრალურ უნივერსიტეტში ახალი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. მინისტრმა პრეზენტაციაზე სიტყვით მიმართა სტუმრებს და თეატრალური უნივერსიტეტის რეფორმირებასთან” დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მან უკვე დააფინანსა სამხატვრო აკადემიის “რეფორმირების” გეგმა და დიდი სურვილი აქვს, რომ მეორე ასეთი უნივერსიტეტი თეატრალური გახდეს.

ძალიან გვინდა და გვაქვს ფინანსური შესაძლებლობაც, რომ ამ უნივერსიტეტში განხორციელდეს რეფორმა. რეფორმის შინაარსი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. შემოსულ წინადადებას ჩვენ განვიხილავთ და შევჯერდებით რეფორმის საერთო შინაარსზე.

რეფორმა რომ საჭიროა ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს, თუნდაც ის რომ თეატრსა და კინოში გაქრობის პირას არის არაერთი პროფესია, ან ის პროფესია, რომელიც გაქრობის პირას არ არის და არაერთ ადამიანს უშვებს, იქაც მეტის გაკეთებაა საჭირო და შესაძლებელია. აქ რომ ხარვეზები გვაქვს სისტემას, ეს გვაჩვენა იმ კონკურსმა, როცა მასობრივად გაგვიხდა შესარჩევი სამხატვრო ხელმძღვანელები სახელმწიფო თეატრებში.

ეს მტკივნეული პროცესი იყო, საკადრო რესურსი მწირი აღმოჩნდა. იქ სადაც სიმწირეა, იქ არაა კონკურენცია და სადაც არაა კონკურენცია ის გარემო ძალიან სწრაფად დამყაყებული ხდება. ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია და ვისაც ეწყინება რაღაცას მოიმოქმედებს, რომ გაუაროს წყენამ. ჩვენ მეტი კვალიფიციური რეჟისორი გვჭირდება.”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, თეატრალური უნივერსიტეტის რეფორმირების გეგმაზე, მოქმედი რექტორი, გიორგი მარგველაშვილი ბევრს მუშაობს და ამ პროცესში საჭიროა აკადემიური საბჭოს მონაწილეობაც.

ამიტომ მე თქვენგან ველოდები კონკურენტულ დოკუმენტს, რომელსაც ეწოდება უნივერსიტეტის რეფორმა და რეფორმის მიზანი უნდა იყოს ის რომ ვაწარმოოთ მაღალკვალიფიციური და საჭირო კადრები თეატრისთვის და კინოსთვის”

“გელათში პრობლემა გაჩნდა იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემია დიდი ხანი აღარ იყო მოწოდების სიმაღლეზე.”

თეა წულუკიანის თქმით, რეფორმის განსახორციელებლად დაფინანსება სამხატვრო აკადემიამ უკვე მიიღო და რეფორმა საჭიროა იმიტომ, რომ „ქვეყანას არ გაუჩნდეს ისეთი პრობლემა, როგორიცაა გელათი.”

„პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც დაფინანსება მიიღო რეფორმის განსახორციელებლად, არის სამხატვრო აკადემია, რომელმაც წარმოადგინა რეფორმის სტრატეგია და მარტივად რომ ვთქვა, სამხატვრო აკადემიაში რეფორმა უნდა მოემსახუროს იმას, რომ სტუდენტი იყოს კმაყოფილი მიღებული განათლების ხარისხით და ქვეყანას არ გაუჩნდეს ისეთი პრობლემა, როგორიცაა გელათი.

გელათში პრობლემა გაჩნდა იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემია აღარ იყო მოწოდების სიმაღლეზე და აღარ აწარმოებდა იმ კადრებს, რომელსაც უნდა მიეხედა ძეგლისთვის. მათ დადეს დოკუმენტი, სტრატეგია, რომლითაც ისინი შექმნიან ახალ ფაკულტეტს, გაზრდიან ხელფასებს, მოიწვევენ იმ კადრებს, ვინც საკუთარ თავზე კი არ ზრუნავს, არამედ სტუდენტზე, გაგვიჩნდა საფუძველი, მათ ეს რეფორმა დავუფინანსოთ. გვინდა, მეორე უნივერსიტეტი იყოთ თქვენ” – განაცხადა წულუკიანმა.

  • „სტუდია მონიტორმა“ გელათის ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ახალი ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. ფილმი შეეხება უცხოელი ექსპერტების მომზადებულ დასკვნას, რომელშიც გაკრიტიკებული გელათის ეკლესიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. საუბარია 2022 წლის მაისში საპატრიარქოს მოწვევით ჩამოსულ 4 სპეციალისტზე, რომელთა ვიზიტის მთავარი მიზანი გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების გაცნობა და რეკომენდაციების მომზადება იყო. მკვლევრები გელათის სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ვიზიტის ბოლო დღეს მეცნიერებს ლორი ვონგს, ოსტინ ნევინსა და სარა სტენიფორსის საპატრიარქოში მიტროპოლიტმა შიომ უმასპინძლა.„სტუდია მონიტორის“ ახალი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ექსპერტებმა დასკვნა მოამზადეს, თუმცა, კრიტიკული შინაარსის გამო, ის საზოგადოებისთვის ცნობილი ვერ გახდა.
  • ანგარიშის მიხედვით, გელათის კედლის მხატვრობა არსებული ტენიანობისა და ხსნადი მარილების გამო, სერიოზული დაზიანებისა და დაკარგვის პროცესშია. „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, ექსპერტები შემაშფოთებელს უწოდებენ გელათის სრულ გამოშრობამდე კედლის მხატვრობაში ჩარევას, რომელსაც წულუკიანის მიერ შერჩეული იტალიელ და ქართველ რესტავრატორთა ჯგუფი 2021 წლის ივნისიდან მიმართავდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძარი და მისი კედლის მხატვრობა ხანგრძლივი მოვლის პროგრამას მოითხოვს და გადაუდებელი ჩარევის მიმდინარე გეგმის გადასინჯვის რეკომენდაციას გასცემენ.
LB loan image desktop LB loan image mobile