წულუკიანი კინოცენტრის პროტესტზე: მე კონსენსუსს არ ვეძიებ, მე ვეძიებ პარტნიორებს

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კინოხელოვანების პროტესტის შემდეგ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებზე პირველი კომენტარი გუშინ, 13 ივლისს, „იმედი LIVE-ს” ეთერში გააკეთა.

წულუკიანი ამბობს, რომ „არ ესმის რას ემსახურება პროტესტი“, მისი თქმით, რეორგანიზაცია კინოცენტრში უფრო ადრე უნდა დაეწყო და ეს „მისი შეცდომაა”, თუმცა „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.

კულტურის მინისტრის თქმით, კინოცენტრის თანამშრომლებთან „არა კონსენსუსს, არამედ პარტნიორებს ეძებენ“, ასევე „უკვე ჰყავთ ძალიან ბევრი პარტნიორი კინოხელოვანთა რიგებში, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა”.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ხელოვანებმა სწორედ კინო უნდა აკეთონ და არა პოლიტიკა.

„მე კონსენსუსს არ ვეძიებ, მე ვეძიებ პარტნიორებს და ასეთი პარტნიორი უკვე ძალიან ბევრი გვყავს კინოხელოვანთა რიგებში, რომლებსაც აინტერესებთ კინო და არა პოლიტიკა. იმიტომ, რომ, ასე გამოვიდა და ასე წერია კანონში, რომ პოლიტიკა არის ჩემი საქმე – მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, სამინისტროში, მაქსიმუმ, კიდევ ვისი საქმეც შეიძლება იყოს პოლიტიკა ესენი გახლავან ჩემი მოადგილეები, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირები და სულ ეს არის. ჩვენს სისტემაში პოლიტიკა, როგორც პროფესია მეტი არავის საქმე არ არის. სხვების საქმე გახლავთ, კინოს ხალხისთვის კინოს კეთება, თეატრის ხალხისთვის თეატრის და ა.შ და ამისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი ინსტრუმენტები და ვიყოთ ეფექტურები”,  – განაცხადა წულუკიანმა „იმედის” ეთერში.

წულუკიანი ამბობს, რომ კინოცენტრში „მრავალი წელია, მეფობს ნეპოტიზმი, მეფობს გაუმჭვირვალე საკონკურსო პროცედურები”. მან აქციის რამდენიმე მონაწილე მოისხენია, როგორც  „პროტესტანტი” და თქვა, რომ მათ „წლების განმავლობაში ნეპოტიზმით ხელი ჰქონდათ მომთბარი”.

წულუკიანის თქმით, კინოცენტრში რეორგანიზაცია კანონით დადგენილ ვადებში განხორციელდა და ის „პრაქტიკულად დასრულებულია”, ხელოვანებთან შეხვედრებს კი მომავალი კვირიდან გააგრძელებს.

„პირველი შეხვედრა მე უკვე მქონდა, მეორე შეხვედრა გვექნება მათთან, ვინც პირველი შეხვედრის შემდეგ, 12 თუ 13 ხელოვანია ასეთი, წარმოადგინა თავისი ხედვა კინოცენტრთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ხელშეწყობა. უბრალოდ, ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების“, – თქვა მან.

რეორგანიზაცია კინოცენტრში 12 ივნისს გამოცხადდა და უკვე დასრულდა. რეორგანიზაციის ფარგლებში, კინოცენტრმა შრომითი ხელშეკრულება 7 ადამიანს შუწყვიტა.

კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის და პროცესების პარალელურად, ხელოვანებმა არაერთი აქცია გამართეს. კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ რეორგანიზაცია და ის პროცესები, რომლებსაც თეა წულუკიანი ახორციელებს, ემსახურება ქართულ კინოში ცენზურის დამკვიდრებას. ისინი პროტესტს არ წყვეტენ.