წულუკიანი: პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, მკურნალობის კურსი დასრულდა და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. წულუკიანი ამბობს, რომ პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს.

„პატიმარი გადაყვანილ იქნა ერთი დაწესებულებიდან მეორეში და ეს ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული. სხვა მხრივ ამგვარი გადაყვანები არასოდეს ხდებოდა და არც ახლა მომხდარა. რაც შეეხება პატიმარს, რა თქმა უნდა, კარგია, თუ პატიმარი შეიგნებს, რომ ის პატიმარია, რომ მას უფლებები შეზღუდული აქვს, რომ თავისუფლება აღკვეთილი აქვს და ამიტომ არის ის პატიმარი და როდესაც სამედიცინო პერსონალი თვლის, რომ მკურნალობის კურსი დასრულებულია, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. არაორდინალური არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები და ახირებები და მას ისევ ჰგონია, რომ კვლავ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა წულუკიანმა.