წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევისთვის გვარამიამ პროკურატურას მიმართა

პუბლიკა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევისთვის „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურას მიმართა. როგორც გვარამია ამბობს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ერთდროულად ორი დანაშაული ჩაიდინა – ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

გენერალური პროკურატურის წინ გამართულ ბრიფინგზე გვარამიას სიმბოლურად ოთხი მიკროფონი ეჭირა. მისი თქმით, წულუკიანის მიერ მთავარი არხის მიკროფონის წართმევა პირობითია და მის ნაცვლად შესაძლოა ნებისმიერი სხვა ყოფილიყო.

„ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას.

სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ჩვენ ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით; იმ ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტში კაცმა დეპუტატებმა იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად უკვე ქალმა იძალადა ჩვენს ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე“, – განაცხადა გვარამიამ.


წულუკიანმა გუშინ, 22 ივლისს „მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. შემდეგ კი facebook-ზე დაწერა, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს.

ჟურნალისტი ემა გოგოხია ამბობს, რომ თეატრის დარბაზში მყოფი მინისტრი შალვა პაპუაშვილის მხრიდან პარლამენტის დარბაზიდან თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა, ამის შემდეგ მან ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა.

მოგვიანებით ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ წულუკიანმა ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონი წაართვა და აღარ აბრუნებდა.