„წყლის შეწყვეტა, ექიმთან კონსულტაციისთვის 1-თვიანი მოცდა" - ომბუდსმენი რუსთავის ქალთა ციხეზე

პუბლიკა

„პატიმართა გადმოცემით, არის შემთხვევები, როდესაც შხაპის მიღების დროს მოულოდნელად წყალი წყდება და ჭურჭელში აღებული ცივი წყლით უწევთ ბანაობის გაგრძელება“ – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში, რომელიც N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს ეხება.

სახალხო დამცველის აპარატმა ქალთა ციხეში მონიტორინგის ვიზიტები 1-2 მაისს განახორციელა. ანგარიშში რამდენიმე პრობლემაზეა მითითებული, მათ შორის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს წყლის შეწყვეტა.

„როგორც ვიზიტის დროს დადგინდა, დაწესებულებას ხშირ შემთხვევაში არ მიეწოდება სასმელი წყალი. აღნიშნულის გამო, პატიმრები და დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები იძულებულნი არიან წყლის მარაგი შეინახონ სხვადასხვა სახის ჭურჭლით. პატიმართა გადმოცემით, არის შემთხვევები, როდესაც შხაპის მიღების დროს მოულოდნელად წყალი წყდება და ასეთ შემთხვევაში, მათ ჭურჭელში შენახული ცივი წყლით უწევთ ბანაობის გაგრძელება.

პატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ დახურული ტიპის საცხოვრებელ კორპუსში შხაპის მიღების უფლება ეძლევათ მხოლოდ კვირაში ორჯერ და ისიც ერთ ჯერზე არაუმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობით. დაწესებულების დახურულ ნაწილში მყოფი პატიმრები ითხოვენ აღნიშნული დროის გონივრული ვადით გაზრდას, ვინაიდან, მათი განმარტებით, 20 წუთში ისინი სრულყოფილად ვერ ასწრებენ დაბანას და მოწესრიგებას. დახურულ ნაწილში მყოფი პატიმარი ქალები სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე ითხოვენ საშხაპეში ყოველდღიური დაბანვის შესაძლებლობის მიცემას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქალთა ციხეში პრობლემებია სამედიცინო მიმართულებითაც. მონიტორინგით დადგინდა, რომ მსჯავრდებულებს ექიმთან კონსულტაციებისთვის რიგში დგომა, ხშირად, თვეების განმავლობაში უწევთ.

„სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დოკუმენტაცია დაწესებულების საცხოვრებელ კორპუსებში პირველადი ჯანდაცვის 4 ოთახია, სადაც დასაქმებულია 2 პირველადი ჯანდაცვის ექიმი და 4 დღის ექთანი. დაწესებულების სამედიცინო ნაწილში არსებული ყველა ვაკანსიის შევსების მიუხედავად, პატიმართა რაოდენობისა და დაწესებულებების საცხოვრებელი კორპუსების ერთმანეთთან დაშორების გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით კი მორიგე პერსონალი, ძლიერ დატვირთულია. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი მიუთითებს, რომ 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი უარყოფით გავლენას აუცილებლად მოახდენს სამედიცინო პერსონალის მუშაობის ხარისხზე.

იმისთვის, რომ არ მოხდეს სამედიცინო პერსონალის გადაწვა, მნიშვნელოვანია გაიზარდოს მორიგე სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. დაწესებულებას ემსახურებიან სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტები. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის დროს დადგინდა, რომ არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს შესაძლოა 1 თვე ან მეტი დრო დასჭირდეს ლოდინი კონსულტაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ექიმ-სპეციალისტთა ვიზიტები იმგვარად იქნას ორგანიზებული, რომ პაციენტთა მოლოდინის დრო 2 კვირას არ აღემატებოდეს“, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „N5 პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის დასაქმებული საკმარისი რაოდენობის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს არ აქვთ სათანადო სამუშაო პირობები და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, რაც ხელს უშლით სამუშაოს სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულებაში“. ასევე, სახალხო დამცველის აპარატი წერს, რომ N5 დაწესებულებაში კვლავ არ არის საკმარისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის სათანადოდ უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება პატიმრების მიმართ მოპყრობას და ძალადობის შემთხვევებს, მონიტორინგის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის წევრებს არ მიუღიათ ინფორმაცია დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ. „ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში მიიღო ინფორმაცია პატიმრების მიმართ უხეში მიმართვის ცალკეული ფაქტების შესახებ. N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ უხეში მიმართვის სავარაუდო ფაქტებს, რაც ყვირილში და ხმამაღალ საუბარში გამოიხატებოდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.