წყნეთში ახალგაზრდა კაცის სიკვდილის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

წყნეთში ახალგაზრდა კაცის სიკვდილის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა.

დეტექტივი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებითაა დაკავებული.

„საქმეზე ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული. მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა, პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა”, – ნათქვამია განცხადებაში.