ყველა გატესტილ ნიმუშში ზედოზირების განვითარების მაღალი რისკის მქონე „ფენტალინი" აღმოჩნდა - „მანდალა"

პუბლიკა

სათემო ორგანიზაცია „მანდალა” აცხადებს, რომ ბოლო 5 დღეში ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის გატესტვის შედეგად ყველა მათგანის შემცველობაში გარეული იყო სხვა, ზედოზირების განვითარების მაღალი რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალება „ფენტალინი”.

„მანდალას“ მოხალისეები საფესტივალო და საკლუბო გარემოში სხვადასხვა სახის ზიანის შემცირების სერვისს აწვდიან მომხმარებლებს.

„ასეთი სავალალო მდგომარეობა ჩვენი 5-წლიანი პრაქტიკის მანძილზე არ გვახსოვს”, – წერს ორგანიზაცია.

მათივე ინფორმაციით,  ბოლო კვირებში უკვე რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით გამოწვეული მიზეზით.

ორგანიზაცია მოუწოდებს მომხმარებლებლებს, იყვნენ ფრთხილად და ამ ვითარების გათვალისწინებით თუ მაინც გადაწყვეტენ მოხმარებას, ტესტერის საშუალებით გადაამომწონ ის.


რა არის ფენტალინი?

ფენტალინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპიოიდია. ფენტანილი 50-100-ჯერ უფრო ძლიერი მოქმედებისაა, ვიდრე იმავე მასის მორფინი (წონითი თანაფარდობით).

ოპიატებსა და ოპიოიდებს განეკუთვნება შემდეგი ნივთიერებები: მორფინი, კოდეინი, ჰეროინი, მეტადონი და ფენტანილი, დეზომორფინი („კრაკადილი), ე.წ. სირეცი და ა.შ.

ოპიოიდებით ინტოქსიკაციის/ზედოზირების ნიშნებია:

  • მკვეთრად შევიწროებული თვალის გუგები;
  • სუნთქვა – ნელი (10-ჯერ წუთში ან ნაკლები) და ზედაპირული, ან სუნთქვის გაჩერება;
  • პულსი – ნელი გულისცემა (40-ჯერ წუთში ან ნაკლები), ან გულის გაჩერება;
  • მკრთალი და წებოვანი კანი;
  • გალურჯებული ტუჩები და ფრჩხილები;
  • ძლიერი ძილიანობა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • გონების დაკარგვა – ადამიანი არ რეაგირებს ხმამაღალ მიმართვაზე.

დამატებითი ინფორმაციას გაეცანით ბმულზე – როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების ფაქტს. 

ნარკოტესტერი – რა რისკს აგვარიდებს ის

სტატიაში აღნიშნული ზედოზირების სიმპტომები საყურადღებოა, ასევე, სხვა ჯგუფის ნარკოტიკების მომხმარებლისთვის, ვინაიდან სათემო, საადვოკაციო ორგანიზაციებისა თუ კვლევით ანგარიშებში აღნიშნულია, რომ საქართველოში ე.წ. კლუბური ნარკოტიკის მომხმარებელთ პრაქტიკაში ჰქონიათ გამოცდილება ძლიერი ძილიანობის, მაშინ, როდესაც მიღებულ ნარკოტიკს სულ სხვა ეფექტი უნდა ჰქონოდა. რამდენიმე მათგანი MDMA-ის მიღების შემდეგ ასახელებდა იმგვარ სიმპტომებს, როგორიც არ ახასიათებს MDMA-ს, მაგალითად, ენერგიის მოჭარბების ნაცვლად, ძილიანობას შეგრძნება. მათი ვარაუდით, მათ მიერ მოხმარებულ ნარკოტიკში სხვა ჯგუფის ნივთიერება იყო შერეული. ცნობილია ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაც, როდესაც ორგანიზმში ფენტანილის არსებობა დადასტურდა.

აღნიშნულ საკითხზე ასევე წერდა „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და შესაძლო ზედოზირების შემთხვევების შემდეგ დარგის სპეციალისტები.

როგორ შეიძლება მომხმარებელმა თავიდან აირიდოს ასეთი შემთხვევები?

ამისთვის არსებობს ე.წ. ნარკოტესტერები, რაც ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებას ემსახურება და ეხმარება ადამიანებს, თავი აარიდონ უცნობი ან საფრთხისშემცველი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას.

როგორ ხდება გატესტვა – შესაბამის სინჯარაში მომხმარებელმა უნდა ჩააწვეთოს სპეციალური სითხე და შემდეგ მასში მოათავსოს ნარკოტიკული საშუალების მცირე ანაფხეკი. რამდენიმე წამში სითხე შეფერილობას იცვლის. ნარკოტესტერს მოჰყვება შესაბამისი ბუკლეტი, სადაც ფერების მიხედვით აღნიშნულია რომელი ნარკოტიკული საშუალების შეფერილობა მიიღო სითხემ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ჰგონია, რომ მას შეძენილი აქვს, მაგალითად, MDMA, მაგრამ გატესტილმა ნივთიერებამ სხვა ნარკოტიკის შეფერილობა მიიღო, ნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ნარკოტიკი სხვა მინარევებსაც შეიცავს და უნდა გამოიჩინოს დამატებითი სიფრთხილე.

საქართველოში ნარკოტესტერებს ორგანიზაცია „მანდალა“ უფასოდ არიგებს. მსურველებს მისი ინტერნეტით გამოწერაც შეუძლიათ.