ყველაფერი, რაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის შესახებ ვიცით

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეგიონულმა მდივანმა, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, დიმიტრი სამხარაძემ გუშინ საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს პარტიის ოფისიდან აგინა. ამის ამსახველი ვიდეომასალა თავად გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, შემდეგ კი წაშალა. დეპუტატმა აქციის მონაწილეებს პარტიის ოფისში შესვლის დროსაც აგინა. ის თანმხლებმა პირებმა შეიყვანეს შენობაში. პარტიის ოფისს ათასობით პოლიციელი იცავდა.

პარტიული თუ საკანონმდებლო საქმიანობით დიმიტრი სამხარაძეს საზოგადოებისთვის თავი არ დაუმახსოვრებია. მის სახელს უკავშირდება მხოლოდ შეურაცხმყოფელი, ჰომოფობიური, მუქარის შემცველი განცხადებები ოპოზიციური პარტიებისა თუ სამოქალაქო სექტორის მიმართ.

ვინ არის დიმიტრი სამხარაძე?  – „პუბლიკა“ შეგახსენებთ მის საჯარო განცხადებებს, რა გაუკეთებია პარტიასა თუ პარლამენტში, რა განათლება აქვს და როგორია მისი ქონებრივი მდგომარეობა.

„ეს ბინძური მართლა ნაკერავზე უნდა გავხიო“

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია. ის ყველა განცხადებასა თუ პოსტს ეხმაურება, რომელშიც „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით კი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია გაკრიტიკებული. Facebook-ის პირად გვერდზეც ბიძინა ივანიშვილის ფოტო აქვს ატვირთული.

2019 წლის ნოემბერში დიმიტრი სამხარაძემ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის პოვნაში დახმარებას ითხოვდა, რადგან აქციის წევრმა ბიძინა ივანიშვილსა და ბერაზე პოსტი დაწერა.

მეგობრებო ამ ბინძურს ვეძებ! გთხოვთ, მაპოვნინოთ? ამის დედა უნდა ვატირო! ეს ბინძური მართლა ნაკერავზე უნდა გავხიო! ამის დედას უნდა შე“,  – წერდა ის, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

სამხარაძე ხშირად მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით „სირცხვილიას“ აქტივისტებს. 2021 წლის 5 აპრილს მან მოძრაობის პოსტი გააზიარა, კომენტარებში კი ერთ-ერთი აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის შესახებ დაწერა: ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სიურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას“.

მან ასევე ჰომოფობიური სტატუსი გამოაქვეყნა „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე.

დიმიტრი სამხარაძე შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართავს მედიის წარმომადგენლებს: „გასწიე აყროლებული მიკროფონი“; „თქვენი სიუჟეტებიც ფეხებზე მკიდია, თქვენი კითხვებიც ფეხებზე მკიდია და საერთოდ ფეხებზე მკიდიხართ ყველა“, – ასე მიმართავს ის „TV პირველის“ ჟურნალისტებს.

ამავე ტელეკომპანიის მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერებსა და დიმიტრი სამხარაძეზე მომზადებულ სიუჟეტებში საუბარია იმაზე, რომ სამხარაძე პარტიის „მთავარი იდეოლოგია“. აუდიოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ის აძლევს დავალებებს რეგიონული ოფისის კოორდინატორებს, თუ ვის უნდა „აგინონ და დაესხან თავს სოციალურ ქსელში“.

მიუხედავად მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა თუ საჯარო სივრცეში დიმიტრი სამხარაძის ამგვარი განცხადებებისა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე თუ წევრები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

„მდუმარე დეპუტატი“

დიმიტრი სამხარაძე არის „ოცნების“ იმ დეპუტატებს შორის, რომელსაც მაგალითად, 2021 წლის განმავლობაში პარლამენტში მიკროფონი ერთხელაც არ ჩაურთავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში ყოველწლიურად აქვეყნებს საპარლამენტო საქმიანობის შეფასებას. დიმიტრი სამხარაძეს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან 2018 წლის ბოლომდე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია.

ის, ასევე, იმ დეპუტატებს შორისაა, რომელმაც, მაგალითად, 2019 წელს ყველაზე მეტჯერ გააცდინა პარლამენტის პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით.

დიმიტრი სამხარაძის პოლიტიკური კარიერა „ოცნებასთან“ ერთად იწყება. ის პარტიის წევრი იყო და პარლამენტში მოხვედრამდე 2012-2015 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

ამის შემდეგ ერთი წელი იმუშავა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში. 2016 წელს ის მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, 2020 წლიდან კი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2021 წლის 16 იანვრიდან დიმიტრი სამხარაძე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაშიცაა.

კითხვები განათლებაზე

„ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დიმიტრი სამხარაძე 1981 წელს დაიბადა. მის ბიოგრაფიაში არაფერია ნათქვამი საშუალო განათლებაზე. პირველი ინფორმაცია მისი განათლების შესახებ ჩნდება 2014 წელს, როდესაც მან დაასრულა საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“, ექსპერტკრიმინალისტიკის სპეციალობით. გამოდის, რომ მან ორწლიანი განათლება კოლეჯში 33 წლის ასაკში მიიღო.

ამის შემდეგ ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ 2016 წელს რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი დაამთავრა, სპეციალობით – პერსონალის მართვა.

დიმიტრი სამხარაძის განათლების შესახებ უფრო მეტი დეტალი ტელეკომპანია „პირველმა“ გაარკვია. 19 მარტს გამოქვეყნებული სიუჟეტის მიხედვით, ტელეკომპანიამ პარლამენტიდან დიმიტრი სამხარაძის დიპლომის ასლი გამოითხოვა. მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მოსკოვში არსებული ინსტიტუტის მიერ დიმიტრი სამხარაძის დიპლომი გადეპუტატებამდე 7 თვით ადრეა გაცემული. ამავე სიუჟეტში საუბარია ამ დიპლომის არანამდვილობაზეც. თავად დიმიტრი სამხარაძე კი განათლებაზე შეკითხვებს აგრესიით პასუხობს „ფეხებზე მკიდიხარ“ – ეუბნება ის ჟურნალისტს.

„არადეკლარირებული ბიზნესაქტივები“

დიმიტრი სამხარაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის ბოლოს აქვს შევსებული. დეკლარაციაში მითითებული ქონება –- ბინა, ავტოფარეხები და ორი ავტომანქანა – ცოლის სახელზეა რეგისტრირებული. დეკლარაციაში მის სახელზე მხოლოდ დეპუტატის ხელფასის შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

2017 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიუთითებდა პარლამენტის წევრების ბიზნესინტერესების შესახებ. მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ დიმიტრი სამხარაძე იმ დეპუტატებს შორისაა, რომელთაც არადეკლარირებული ბიზნესაქტივები აქვთ. ის, ასევე, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა. კერძოდ, ამ ანგარიშის მიხედვით, ის არის შპს. „ვატიკან ჯორჯიას“ დირექტორი.


საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ დიმიტრი სამხარაძის გინება დღეს პარტიის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ადამიანურ სისუსტედ“ შეაფასა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, „უხამსობა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პიარული ხაზია“. თავად დიმიტრი სამხარაძემ განაცხადა, რომ „მისი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის“.

მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ დიმიტრი სამხარაძეს ასეთი დამოკიდებულება აქვს ყველას მიმართ.

მე ვიცი, რომ ეს არის სტანდარტი, რომლითაც ცხოვრობს დიმიტრი სამხარაძე და ასეთი დამოკიდებულება აქვს ყველას მიმართ, ნუ, გარდა უფროსების მიმართ. თუ ბატონია, იმას თავს უხრის და ვინც მიაჩნია, რომ არარაობაა და ხალხი მაგისთვის როგორც ჩანს, არარაობაა… რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ კუთვნილებას, ადამიანებს, რომლებიც შენს ოფისთან მოვიდნენ და აქციას ატარებენ – შენ შენი ქვეყნის ამომრჩეველს, შენი ქვეყნის მოქალაქეებს აგინებ უშვერი სიტყვებით“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.