„ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სიურპრიზს ვუმზადებთ!“ - დეპუტატის მუქარა გიგა მაქარაშვილს

პუბლიკა

მეათე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობისა და პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე facebook-ზე მოძრაობა „სირცხვილიას“ პოსტს აზიარებს, დამცინავი წარწერით.

პოსტის კომენტარებში დეპუტატი ერთ-ერთი აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მისამართით ამბობს, რომ „არავინ ჩალიჩობს, რამე მიაკეროს! ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სიურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას”.

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ არანაირი ფასი არ აქვს დიტო სამხარაძეს და მის სიტყვას.

„სასაცილოა, რეალურად, ეს ყველაფერი, რადგან პარლამენტის დეპუტატი რომ აქტივისტს ასე ემუქრება, თან ვიღაცებს დავავალებ და ასე გავაკეთებინებ … ნუ, რაზე ვლაპარაკობთ, საჯარო მოხელეები რომ ასე იქცევიან.. მოკლედ, არანაირი ფასი არ აქვს დიტო სამხარაძეს და არც მის არანაირ სიტყვას არ აქვს ფასი.

რაღაც ახალ პროვოკაციას მოიფიქრებენ, ალბათ. ჩემი ფოტოები ცოცხზე იყო გაკრული გუშინ და ახლა სხვა რამეზე გააკრავენ, ალბათ, და  რომელიმე სხვა ქვეყნის აგენტობას დამაბრალებენ. რა უნდა მოიგონოს დიტო სამხარაძემ ისეთი, რომ თავისი სამარცხვინო საქმიანობა მე შემაწმინდოს. ყურადღების მისაქცევადაც არ ღირს დიტო სამხარაძე“, – ამბობს აქტივისტი.

„პუბლიკა“ დეპუტატთან დაკავშირებას და განმარტების მიღებას ცდილობს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი  დიმიტრი სამხარაძე ცნობილია შურაცხმყოფელი და ჰომოფობიური განცხადებებით.