„ოცნების" 11 დეპუტატი, რომელსაც მიკროფონი ერთხელაც არ ჩაურთავს" | „ფლანგვის დეტექტორი"

პუბლიკა

მედიაპროექტმა „ფლანგვის დეტექტორმა“ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2021 წლის პარლამენტის პლენარულ სხდომებზე პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლის რაოდენობა დაითვალა.

მათი ცნობით, ანგარიში „ქართული ოცნების“ წევრთა აქტიურობაზეა კონცენტრირებული, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატები, ბოიკოტის გამო, ძირითადად, სხდომებს არ ესწრებოდნენ და საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობდნენ.

„ფლანგვის დეტექტორის“ ცნობით, 2021 წელს გაიმართა 62 პლენარული სხდომა. პარლამენტმა 338 კანონი მიიღო სამივე მოსმენით, პირველი მოსმენით განიხილა 63 კანონის პროექტი, ხოლო მეორე მოსმენით − 8 კანონის პროექტი.

„მმართველი პარტიის დეპუტატებიდან საკუთარი მოსაზრება 10-ზე ნაკლებჯერ გამოხატა 45%-მა, მათ შორის 12%-ს მოსაზრება ერთხელაც არ დაუფიქსირებია.

მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც წლის მანძილზე  ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი შემდეგნაირად გამოიყურება: ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, ლევან ქარუმიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე.

დეპუტატებს შორის, რომლებმაც წლის განმავლობაში ხმა ერთხელ ან ორჯერ ამოიღეს, მოხვდნენ: სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე, ლევან კობიაშვილი, რესან კონცელიძე, გოგი მეშველიანი”, – წერია „ფლანგვის დეტექტორის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

ამავე ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია.

მათი მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • ვასილ ჩიგოგიძე – 0

  • ირაკლი ხახუბია – 0

  • ვიქტორ ჯაფარიძე – 0

  • ელგუჯა გოცირიძე – 0

  • ისკო დასენი – 2

  • გოჩა ენუქიძე – 2

  • ზაალ დუგლაძე – 3

  • პაატა კვიჟინაძე – 7

  • ანტონ ობოლაშვილი – 8

  •  გიორგი ამილახვარი -16

  • თამარ ტალიაშვილი – 26

  • ბექა ოდიშარია – 27

  • ნინო წილოსანი – 116

„ფლანგვის დეტექტორი“ ანგარიშს თან ურთავს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციასაც.

„ფლანგვის დეტექტორის“ ანგარიშს და გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას სრულად გაეცანით ბმულზე.