„მომავალში იმედია აღარ მოხდება ეგ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მით უმეტეს ჟურნალისტებზე და პრესაზე არ განმეორდეს“, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე.
შს მინისტრმა სცადა განემარტა, რატომ ვერ დაიცვეს პოლიციელებმა მედიის წარმომადგენლები ძალადობისგან. გომელაურმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ უწყებას „ნამდვილად არ გაუთვლია“ ჟურნალისტებზე თუ მოხდებოდა ძალადობა.
„რატომ ვერ მოხდა გეტყვით – დაახლოებით 8 ლოკაციაზე იყვნენ პოლიციელები პატარ-პატარა ჯგუფად გაშლილები. აქცენტი იყო, რომ აგრესია შესაძლოა მომხდარიყო უკვე ამ მსვლელობაზე, სადაც შეიკრიბებოდნენ ის ადამიანები. ჩვენი საპოლიციო ძალები გადასროლილი იყვნენ ფილარმონიასთან, ვერის ბაღში და ა.შ. რომ იქ არ მომხდარიყო შეტაკება და იქ, სულ ცოტა, კედელი აღგვემართა და გაგვეყვანა ეს ადამიანები იქიდან.
აქედან გამომდინარე, მოხდა სპონტანურად რამდენიმე ადგილზე ამ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენი გასაკეთებელი იყო და მე არავის არ ვაბრალებ, არც თავს ვიმართლებ – ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არ გაგვითვლია. პირდაპირ ვიძახი, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა და ასეთი რაღაცა, ფიზიკური ზეწოლა მით უმეტეს – ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით და არ განგვიხილავს ეგ ფაქტი…
მე ღიად ვამბობ, არც თავს ვიმართლებ, არაფერს – იყო მთელი აქცენტი გადატანილი ლგბტ მიმართულებაზე. იქ არ მომხდარიყო ამ აგრესიული მასის [მხრიდან] მათი ცემა, თავდასხმა და ა.შ. და ნუ, სამწუხაროდ მოხდა ეს“, – განაცხადა გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.
მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.