მგონია, რომ ამ ძალადობის აღკვეთა შეიძლებოდა - პრეზიდენტი 5 ივლისსზე

პუბლიკა

„მგონია, რომ 5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი, დილით გავიარე ეკლესიის წინ და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მისული”, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„5 ივლისის მოვლენებზე მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე. მე მგონია, რომ ამ ძალადობის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი, დილით ეკლესიის წინ გავიარე და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ ყოფილა მისული.

როდესაც ხელისუფლებაში ხარ, აუცილებელია ასეთი ფაქტების პრევენცია. წესრიგის დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა და სამწუხაროა, რომ ამაში, თუნდაც განცხადებებით, ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მიიღო მონაწილეობა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ მთელი ცხოვრება პატრიარქმა მიუძღვნა იმას, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო არც ეკლესიის შიგნით და არც საზოგადოებაში. ეს არის ყოველთვის მისი მთავარი წუხილი. დღეს რომ ასეთი რამ ეკლესიაში ხდება, ალბათ ეს მისთვის დიდი ტკივილია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს წერილობით ვერსიას imedinews.ge ავრცელებს.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.