ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ შემდეგ აქციაზე ვიყოთ უფრო მეტი, ვიდრე ქუთაისში - გოლეთიანი

პუბლიკა

მოძრაობის – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი facebook-ჩართვისას სამომავლო აქციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროცესების განვითარება როგორც კი აჩვენებს, რომ აქცია უნდა ჩატარდეს, დაანონსდება თარიღი. მისი თქმით, გადამწყვეტი იქნება აქციის მონაწილეთა სიმრავლე, რამაც, მისი თქმით, აზრი უნდა შეაცვლევინოს ხელისუფლებას. ცნობილია, რომ რიონის ხეობის მცველები შემდეგ აქციას თბილისში გეგმავენ.

„რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული გეგმები უახლოეს დღეებში და ზოგადად, ვემზადებით ფართომასშტაბიანი აქციისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა არის ჩვენი სიმრავლე, სიმრავლე, რომელმაც უნდა შეაცვლევინოს აზრი ამ ხელისუფლებას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ბოლო გზა, რაც დარჩენილი აქვთ – ამ რეპრესიული მეთოდებით მოაგვარონ ადამიანებთან ეს საკითხი, ჩვენ ამის საშუალება მათ არ უნდა მივცეთ, ამის ერთადერთი საშუალება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ვიყოთ ბევრი ამ პრობლემის წინააღმდეგ.

ამიტომ, როგორც კი დავაანონსებთ აქციას, ჯერჯერობით თარიღი არ გვითქვამს, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ აქციაზე ვიყოთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბოლოს ვიყავით ქუთაისში. ჩვენი ერთობა არის გადამწყვეტი მთელ ამ ბრძოლაში და მთელ ამ საქმეში. ამიტომ, როგორც კი მზად იქნება პროცესი და დინამიკა გვაჩვენებს, რომ უნდა ჩავატაროთ ეს აქცია, აუცილებლად ჩატარდება”, – აღნიშნა მან.

გოლეთიანი ასევე გამოეხმაურა გუშინ, 8 აპრილს ხეობაში სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ვიზიტს. მისი თქმით, ომბუდსმენს დეტალურად გააცნეს მათი პროტესტის შინაარსი.

„სამ ადამიანს – მე და კიდევ ჩვენ 2 წევრს დაგვრთეს უფლება, რომ სახალხო დამცველთან ერთად გადმოვსულიყავით ჩვენი კარვების მიმართულებით [გუმათიდან სოფელ ნამოხვანში]. სახალხო დამცველს აინტერესებდა სხვადასხვა საკითხი და თავიდან, დღიდან ჩვენი აქ დადგომიდან დეტალურად გავაცანით ჩვენი პროტესტის შინაარსი”, – განაცხადა გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  • „გაუქმდეს განკარგულება, რის საფუძველზეც, კომპანია „ენკას” საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა.
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა”;