ყველამ ვიცით რა არის გაჭირვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა მივიტაცოთ - კალაძე

პუბლიკა

„მე კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის გაჭირვება. ყველას გამოგვივლია დ ყველამ ვიცით რა არის გაჭირვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა მოვიპაროთ, რაღაცა მივიტაცოთ, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აფრიკის დასახლებაში გუშინ განვითრებულ მოვლენებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, იყოს მხარდაჭერა და შემთხვევითი არ არის, რომ დადაქალაქის მერიის ბიუჯეტი 2021 წლისთვის იქნება 350 მილიონი. დაახლოებით 22 მილიონით იზრდება სოციალური და ჯანდაცის მიმართულება, რათა დავეხმაროთ ყევლაზე მეტად იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა“, – განაცხადა კალაძემ.

აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება გუშინ დილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.

დემონტაჟის პარალელურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, სამართალამცველებმა ათზე მეტი მოქალაქე დააკავეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით არიან დაკავებულები. თუმცა, სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

ასევე, სანაძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 2 ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია, ხოლო ერთ-ერთი მოქალაქე, ორსული, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

„ორსული კლინიკა „ღია გულში“ გადაიყვანეს. კიდევ ორ მოქალაქეს აღენიშნებოდა ნევროტულობა და მათ ადგილზე გაეწიათ დახმარება, – განუცხადეს „პუბლიკას“ 112-ის პრესსამსახურში.