„ყველაზე ხშირად არასრულწლოვნები ტანსაცმელსა და ტკბილეულს იპარავენ" | კვლევა

პუბლიკა

„საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ძირითადი ნაწილი სავაჭრო ობიექტებშია ჩადენილი და ყველაზე ხშირად არასრულწლოვანთა მიერ ტანსაცმლის და ტკბილეულის ფარულ დაუფლებას აქვს ადგილი”, – ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ მომზადებულ კვლევაში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მახასიათებლების შესახებ.

კვლევაში 2020 წელს განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა მონაცემებია გაანალიზებული. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს 556 ასეთი არასრულწლოვანი იყო.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს ბრალდებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა 75.4%-ს სწორედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი.

„დანაშაულის ობიექტის შესახებ ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ძირითადი ნაწილი სავაჭრო ობიექტებშია ჩადენილი და ყველაზე ხშირად არასრულწლოვანთა მიერ ტანსაცმლის და ტკბილეულის ფარულ დაუფლებას აქვს ადგილი. თუმცა, გვხვდება ალკოჰოლური სასმელისა და სიგარეტის ფარულად დაუფლების შემთხვევებიც, რაც შესაძლებელია ზრდასრულთა მიერ არასრულწლოვნების დანაშაულის ჩადენის იარაღად გამოყენებაზე, მავნე ნივთიერებების მოხმარებაზე ან სახვა გარემოებებზეც მიანიშნებდეს.

მართალია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პროცენტული ხვედრითი წილი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებში მხოლოდ 12.8%-ია, მაგრამ ყურადსაღებია, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემდეგ ის მეორე ადგილს იკავებს 2020 წლის მონაცემების მიხედვით. 1.8%-ია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა მაჩვენებელი, რაც ასევე მიგვანიშნებს არასრულწლოვნებში ძალადობრივი დანაშაულის პრევენციის გააქტიურების აუცილებლობაზე”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ფარგლებში, 2020 განრიდებულ არასრულწლოვანთა (298) ინდივიდუალური შეფასებების საფუძველზე სხვადასხვა სახის ინფორმაცია გაანალიზდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ განრიდებულ არასრულწლოვანთა 64% (298-დან 191 არასრულწლოვანი) არ არის დაკავებული დამატებითი აქტივობით. სპორტული საქმიანობით და ხელოვნებით დაკავებულია სულ 79 (18%) არასრულწლოვანი, რეპეტიტორთან დადის სულ 95 (32%) არასრულწლოვანი, სხვა სახის აქტივობებში კი (პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა) ჩართულია 12 (4%) არასრულწლოვანი.

განრიდებულ არასრულწლოვანთა ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა:

  • 2020 წელს განრიდებულ არასრულწლოვანთა 80%-ს ორივე მშობელი ჰყავდა, 19%-ს მხოლოდ 1 მშობელი, ხოლო 1%-ს არც ერთი მშობელი არ ჰყავდა;
  • ორივე მშობელთან ერთად არასრულწლოვანთა მხოლოდ 55%-ი ცხოვრობს;
  • განრიდებულ არასრულწლოვანთა 21% განქორწინებული ოჯახებიდანაა;
  • განრიდებულ არასრულწლოვანთა 22% შემთხვევაში ორივე ან ერთ-ერთი მშობელი ემიგრაციაშია;
  • 298 არასრულწლოვნიდან არასრულწლოვნის ოჯახის წევრების ნასამართლობის ფაქტი 47 შემთხვევაში (16%) დაფიქსირდა;
  • განრიდებულ არასრულწლოვანთა ოჯახების 48%-ს შეუძლია ოჯახის ყველა ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება, 38%-ს – მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა აქვს, ოჯახთა 9%-ის შემოსავალი კი პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც არ იყო საკმარისი. დაბალია იმ ოჯახთა მაჩვენებელი, რომელთაც დამატებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლიათ, ეს მაჩვენებელი 6%-ს წარმოადგენს.

განრიდებულ არასრულწლოვანთა განათლება და სამუშაო გამოცდილება:

  • 2020 წელს განრიდებულ არასრულწლოვანთა 73% საჯარო სკოლაში იღებს საშუალო განათლებას, 2% – პროფესიულ სასწავლებელში, 5% – კერძო სკოლაში;
  •  2020 წელს განრიდებულ არასრულწლოვანთა 20% საერთოდ არ იღებს განათლებას;
  • განრიდებულ არასრულწლოვანთა უმრავლესობა – 83% გამოთქვამს მზაობას სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით;
  • სამუშაო გამოცდილება ჰქონდა განრიდებულ არასრულწლოვანთა 39%-ს, საიდანაც არასრულწლოვანთა 70%-ს სწავლისა და სამუშაოს შეთავსება უწევთ;
  • დასაქმებულ არასრულწლოვანთა ოჯახების 45%-ის შემოსავალი საკმარისი მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყო.