თამბაქოს მოხმარება მოზარდებში - რა ტენდენცია გამოიკვეთა საქართველოში ESPAD-ის კვლევით

ნათია ამირანაშვილი

ESPAD-ის კვლევის შესახებ – ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი (ESPAD) საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ევროპის 35 ქვეყანაში ტარდება. საქართველო მას 2015 წელს შეუერთდა.

ESPAD-ის პროექტის მთავარი მიზანი შედარებადი მონაცემების შეგროვებაა. ამ მონაცემის გამოყენება ხდება ევროპაში მოსწავლეთა შორის ნივთიერებების გამოყენების ტენდენციების მონიტორინგისა და ქვეყნებს და ქვეყნების ჯგუფებს შორის შესადარებლად.

კვლევა ტარდება 16 წლის მოზარდებს შორის, 4 წელიწადში ერთხელ. მონაცემების შეგროვება სკოლებში თვითშევსებადი ანონიმური კითხვარის საშუალებით ხდება. კითხვარში მოცემული ძირითადი კითხვები აუცილებელი და საერთოა ყველა ქვეყნისთვის.

ESPAD 2019

საქართველოში ESPAD-ის კვლევა NCDC-იმ განახორციელა, ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ტექნიკური და ფინანსური დახმარებით. ამ ეტაპზე მედიისთვის ცნობილია კვლევის შედეგები მხოლოდ თამბაქოს ნაწილში.

მეთოდოლოგია

შერჩევისთვის გამოყენებულ იქნა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევა. 2019 წელს კვლევაში მონაწილეობდა 279 სკოლა (245 სახელმწიფო და 34 კერძო). 16 წლის 3 092 მოსწავლე. კითხვარი მოსწავლეებმა შეავსეს ხელით და მას ეთმობოდა 45 წუთი (1 გაკვეთილი).

კვლევის შედეგები

 

თამბაქოზე ხელმისაწვდომობა

მოსწავლეთა 44.2%-მა (ბიჭები – 47.5% და გოგონები – 41.2%) განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია.

მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. ამ წელს ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 60% იყო ანუ 4 წელში ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი შემცირდა 15.8%-ით (ბიჭებში 13.5%; გოგოებში 17.8.%);

ESPAD 2019-ის საშუალო მაჩვენებელი, ანუ კვლევაში მონაწილე ევროპის 35 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი 60%-ია. 50%-ზე ნაკლები მაჩვენებელი არის მხოლოდ 6 ქვეყანაში და მათ შორისაა საქართველო.

თამბაქოს მოხმარება სიცოცხლის განმავლობაში

2015 წელთან შედარებით, შემცირებულია როგორც სიცოცხლის მანძილზე, ასევე, ბოლო 30 დღის განმავლობაში სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელიც.

სიცოცხლის განმავლობაში სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი – 2019 წელი – 36%, 2015 წელი 43%;

ბოლო 30 დღის განმავლობაში სიგარეტის მოხმარება – 2019 წელი – 12%, 2015 – 18%.

2019 წლის ეს მაჩვენებლები ასევე დაბალია ევროპულ საშუალოსთან მიმართებით:

ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი აჩვენებს ბოლო 30 დღის განმავლობაში სიგარეტის ყოველდღიურ მოხმარებას მოსწავლეებში. ამ მაჩვენებლის ევროპული საშუალო 10%-ია. საქართველო 5-9.5% ინტერვალში მოხვდა.

თამბაქოს მოხმარების დაწყების ასაკი

2019 წლის კვლევის შედეგებით, მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28% და გოგონების 14%) 13 წლის ან უმცროს ასაკში მოწია პირველად. ეს მონაცემი ფაქტობრივად იდენტურია 2015 წლის მაჩვენებელთან.

ასევე, მოსწავლეთა დაახლოებით 3%-მა (ბიჭების 4% და გოგონების 1%) ამავე ასაკში დაიწყო ყოველდღიური მოწევა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 4% იყო.

ამ ასაკში ყოველდღიური მოწევის 2019 წლის ევროპული საშუალო მაჩვენებელი 2.9%-ია. საქართველოში – 2.5%.

ელექტროსიგარეტი

ელექტროსიგარეტის სიცოცხლის განმავლობაში მოუხმარია მოზარდების 32%-ს (ბიჭების 43%, გოგონების 25%), ხოლო უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში 7%-ს (ბიჭების 11% და გოგონების 4%).

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, მნიშვნელოვნად – 13%-ით გაიზარდა იმ ახალგაზრდების წილი, რომელთაც ერთხელ მაინც აქვს მოწეული ელსიგარეტი.

რაც შეეხება ევროპულ საშუალოს, სიცოცხლის განმავლობაში ელექტროსიგარეტის მაჩვენებლის მოხმარება არის 40%, საქართველოში კი, როგორც აღინიშნა, არის 32%.

უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ელექტროსიგარეტის მოხმარების ევროპული საშუალო არის – 14%.

 

მოზარდების 9%-მა (ბიჭების 13% და გოგონების 5%) ელექტროსიგარეტი პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოწია. ეს ციფრი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2015 წელთან შედარებით. რაც შეეხება ESPAD საშუალოს, ეს არის 11%.

მოზარდების 2%-მა (ბიჭების 3% და გოგონების 1%) ელექტროსიგრეტის ყოველდღიურად გამოყენება დაიწყო ამ ასაკში (ESPAD საშუალო 1.7%).

კვლევის თანახმად, ელექტროსიგარეტის მოხმარება დაიწყო: 24% – ცნობისმოყვარეობისთვის; 4% – მეგობრების შეთავაზებით, 2% – თამბაქოსთვის თავის დასანებებლად.