ზელენსკი: აბუ-დაბიში რუსულმა მხარემ გვითხრა, რომ პუტინი გაბრაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ რუსეთს შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა უკრაინულმა მხარემ პასუხად მოისმინა, რომ „რუსეთის ლიდერი გაბრაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს“.

ზელენსკის თქმით, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები სერიოზული იყო და არა ფორმალური – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმებაა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გუშინ უკრაინის წარმომადგენლები რუს და ამერიკელ დელეგატებს შეხვდნენ, დღეს კი ამერიკული მხარე მოსკოვში იმყოფება, საღამოს კი დუბლინში ჩავა, სადაც ზელენსკისთან ბოლო დღეებში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მოლაპარაკებების პროცესში უკვე ჩართულია, თუმცა ჯერ არა უშუალოდ რუსეთთან ერთ ფორმატში. მისი თქმით, აუცილებელია, ევროპა მოლაპარაკებების მუდმივი მონაწილე გახდეს.

ზელენსკიმ განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების გარანტიების საკითხზეც გაამახვილა. მისი შეფასებით, ამერიკელებსა და რუსებს შორის ამ თემაზე საუბარი მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას არ ეხება და რეალურად ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს შექმნას გულისხმობს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ასეთი მიდგომა გარკვეულწილად უცნაურია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში ევროპა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობდა“.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ პუტინის ომები მისი დამოკიდებულებით არის განპირობებული და არა ევროპასთან ისეთი მუდმივი დაპირისპირებით, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იქნებოდა. მისივე განცხადებით, ევროპამ უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს შესახებ მიმდინარე მსჯელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

„სამწუხაროდ, გუშინ რუსებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ მანდატი, განეხილათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ ომის საშინელებას შეამცირებდა“, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინამ კიდევ ერთხელ სცადა რუსეთის დაყოლიება შავ ზღვაში დეესკალაციასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე, თუმცა უშედეგოდ.

ზელენსკი ევროპას საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული დახმარებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს დახმარება სთხოვა საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მისი თქმით, რუსეთი ყოველ ზამთარს ცდილობს უკრაინისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას, ენერგეტიკას კი ბრძოლის იარაღად იყენებს.

ზელენსკის განცხადებით, პუტინი ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, თითქმის ყოველ ზამთარს, გაზს უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იარაღად იყენებდა და ენერგორესურსებით ადამიანების დაშანტაჟებას ცდილობდა.

მან უკრაინის სამი ძირითადი საჭიროება ჩამოთვალა.

  • პირველი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა. უკრაინას „პატრიოტისა“ და NASAMS-ის სისტემებისთვის ჩამჭრელი რაკეტები სჭირდება. ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, საკითხს სერიოზულად მოეკიდონ და რაკეტების მოძიებაში დაეხმარონ.
  • მეორე: F-16 ტიპის გამანადგურებლები და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა. პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინა ამ თვითმფრინავებს რუსული რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედის“ ტიპის დრონების გასანადგურებლად იყენებს. მისი თქმით, ასეთი დრონების რაოდენობა ასობით და ათასობითაა, რუსეთი კი მათი წარმოებისა და თავდასხმების მასშტაბის გაზრდას გეგმავს.
  • მესამე პრიორიტეტი ენერგეტიკული დახმარებაა, რომელიც უკრაინას უკვე ნოემბერში და მთელი ზამთრის განმავლობაში სჭირდება.

ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს აქვს რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული აღჭურვილობისა და საჭირო რესურსების დეტალური ჩამონათვალი. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, განიხილონ, როგორ შეიძლება უკრაინის დიდი ქალაქების მხარდაჭერა, რადგან ისინი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ცენტრებია.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა სანდო ინფორმაციის თანახმად, უშუალო გარემოცვის წევრებსაც უთხრა, რომ ამ ქალაქებში ცხოვრების განადგურება სურს.

„სწორედ ამიტომ ვხედავთ კიევზე, დედაქალაქზე, დნიპროზე, ხარკივზე, ზაპოროჟიესა და ოდესაზე, ასევე სხვა ქალაქებზე, მუდმივ ტერორს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას ქალაქების მდგრადობის გეგმები უკვე შემუშავებული და მზად აქვს, თუმცა მათი განხორციელებისთვის სპეციალური მხარდაჭერაა საჭირო.

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიციები მტკიცეა, რაც საერთაშორისო თანამშრომლობის პირდაპირი შედეგია. მან პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ერთობლივი თავდაცვითი პროექტებისა და იარაღის წარმოების გაგრძელება.

ზელენსკი: „სტარშილდზე“ სიჩქარის შეზღუდვები კვლავ დაფიქსირდა

EPC-ის სამიტზე გამოსვლისას ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინისთვის „სტარშილდის“ (Starshield) გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მისი განცხადებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში, სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაზე სიჩქარის შეზღუდვები კვლავ მოქმედებს.

Starshield ამერიკული კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი სამხედრო და სახელმწიფო დანიშნულების სატელიტური საკომუნიკაციო სისტემაა. ის Starlink-ის ტექნოლოგიას ეფუძნება, თუმცა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებებისთვის არის შემუშავებული და უკრაინის სამხედრო ძალები მას ომში აქტიურად იყენებენ.

ზელენსკის თქმით, ამჟამად დაფიქსირებული ლიმიტი საათში 161 კილომეტრს, ანუ 100 მილს შეადგენს. ეს კი უკრაინას რუსული რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედების“ დროულად აღმოჩენასა და ჩამოგდებაში უშლის ხელს.

პრეზიდენტის განმარტებით, ასეთი დრონები სწორედ იმ ტერიტორიებიდან მოდიან, სადაც სიჩქარის შეზღუდვები მოქმედებს. ფრონტის ხაზთან ახლოს უკრაინული ავიაციის გამოყენება შეუძლებელია და თავდასხმების მოსაგერიებლად მხოლოდ სპეციალური დრონების ჩამჭრელი აპარატებია ხელმისაწვდომი. საჭირო სიჩქარის გარეშე მათი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად მცირდება.

ზელენსკის შეფასებით, შედეგად, რუსული დარტყმების უფრო დიდი ნაწილი აღწევს მიზანს და იზრდება უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის რისკი.

„ერთადერთი ცუდი ამბავი ის არის, რომ „სტარშილდთან“ დაკავშირებით კვლავ პრობლემებს ვაწყდებით. […] ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს შესაძლებლობაზე, ჩავჭრათ რუსული რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედის“ ტიპის დრონები“, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი პრობლემის დეტალების გარკვევას ამერიკულ მხარესთან ცდილობს, თუმცა ამ ეტაპზე ბევრი ინფორმაცია არ აქვს.

„თუ ამერიკაში ვინმე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ტერიტორიას ისე განიხილავს, თითქოს ის უკრაინას არ ეკუთვნოდეს, ეს გვიჩვენებს, საით შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ და არასოდეს ვაღიაროთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია არანაირი ფორმით“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინას Starshield-თან დაკავშირებული პრობლემები ოქტომბერშიც ჰქონდა, მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა. მაშინ თეთრმა სახლმა უარყო, რომ შეზღუდვებთან რაიმე კავშირი ჰქონდა და შეფერხება ტექნიკურ გაუმართაობას დაუკავშირა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შეზღუდვა ილონ მასკის პირადი გადაწყვეტილებით იყო დაწესებული. 24 ოქტომბერს უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-ზე წვდომა აღდგა.

უკრაინამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ოთხი კლასტერი გახსნა

ზელენსკიმ გამოსვლაში უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ოთხი კლასტერი უკვე გახსნა.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ პროცესში მხარდაჭერისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ირლანდიას, და სხვა ევროპელ ლიდერებს მადლობა გადაუხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებისკენაც მოუწოდა. მისი განცხადებით, რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ტერორს უფრო ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა მოჰყვება.

ზელენსკის თქმით, სანქციები არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს უნდა ზღუდავდეს, არამედ იმ შეიარაღებასა და რესურსებსაც, რომელთა გამოყენებითაც მოსკოვს ევროპული ქვეყნებისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია.

მან განსაკუთრებით გამოყო ის მასალები და კომპონენტები, რომლებიც რუსეთს ბალისტიკური რაკეტებისა და თავდასხმის დრონების წარმოებისთვის სჭირდება, ასევე საკომუნიკაციო სისტემები.

გარდა ამისა, ზელენსკიმ მოითხოვა გაგრძელდეს ზეწოლა რუსეთის ფლოტზე, რომელსაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადააქვს, ასევე რუსულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებზე.

„რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ტერორს უფრო მეტი ზეწოლა მოჰყვება. […] გთხოვთ, ამ მიმართულებით პროგრესი ვაჩვენოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.