ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ [საქართელოს მთავრობაზე] განრისხებული იყოს - კრამერი

პუბლიკა

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;

„სანქციები არ მუშაობს“ – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. რითაც უკრაინის გაღიზიანება გამოიწვია. გუშინ კი პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოში ქვეყნის მხრიდან „ამორალური“ საქციელის გამო გაიწვია. ზელენსკი გულისხმობდა ღარიბაშვილის მთავრობის უარს, შეურთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

დევიდ კრამერი, ბუშის ინსტიტუტის, გლობალური პოლიტიკის მმართველი დირექტორი ამბობს, რომ მომხდარი საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის, სავარაუდოდ, ურთიერთობას დაძაბავს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის მოლაპარაკებებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. მან ორი მიზეზი დაასახელა: საქართველოდან უკრაინაში წასავლელად მზადმყოფი მოხალისეების არ გაშვება და როგორც თავად უწოდა, „ამორალური“ გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა საქართველო დასავლეთს რუსეთისთვის სანქციების დადებაში. რა გავლენა ექნება საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე ამ ყველაფერს?

პრეზიდენტ ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ განრისხებული იყოს. ვფიქრობ, გადაწყვეტილებები, არჩევანი და ქმედება, რომელსაც საქართველოს მთავრობისგან ვხედავთ, შემაშფოთებელია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ შეურთდება [დასავლეთის სანქციებს] და ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკის ყველა უფლება აქვს, რომ გაბრაზებული იყოს საქართველოს მთავრობაზე ამის გამო. მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობით. ეს ის დროა, როდესაც უკრაინას სჭირდება და იმსახურებს საერთაშორისო სოლიდარობას, მათ შორის საქართველოდანაც.

საქართველო, რა თქმა უნდა, 2008 წელს თავად იყო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და დღემდე მცოცავი ოკუპაციის მსხვერპლია. ასე რომ, ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა არ აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ მკაფიო განცხადებებს.

როგორ ფიქრობთ, ექნება ამას გავლენა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე?

მთავრობებს შორის ნამდვილად. ვფიქრობ, რომ უკრაინელებმა მხარი დაუჭირეს და დააფასეს ის, თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად. ქართველმა ხალხმა ნათელი გახადა, რომ ამ საშინელი კრიზისის დროს ისინი უკრაინას მხარს უჭერენ, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა არ გამოხატავს ხალხის აზრს.

ვფიქრობ, მომავალში საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაუარესებას დავინახავთ. ამაში კი პრემიერ-მინისტრს და ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ისინი უნდა შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, უკრაინის გვერდით უნდა იდგნენ. საქართველოს პარლამენტმა კი რეზოლუცია უნდა გამოსცეს, რომელშიც რუსეთი დასახელებული უნდა იყოს, როგორც დამნაშავე მხარე ამ შემთხვევაში.

ის რაც მან [საქართველოს მთავრობამ] აქამდე გააკეთა, ნამდვილად არ იყო საკმარისი. უფრო მეტიც, როგორც მესმის, მთავრობა არ აპირებს, რომ ევროკავშირის წევრობა მოითხოვოს 2024 წლამდე. ეს იმის საწინააღმდეგოა, რაც უკრაინამ გააკეთა. კიდევ ერთხელ, ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს, გარკვეულწილად, დისტანცირებას უკრაინის მთავრობისგან მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს, რომ ის უკრაინასთან ერთად დგას.