ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს – 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს“, – ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.