საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონისგან წერილი მიიღო, რომელშიც ის საქართველოში დემოკრატიული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო წუხილს გამოთქვამს.
ზურაბიშვილის განცხადებით, წერილში ნათქვამია, რომ შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ყველანაირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის.
„მინდა, გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად. ის გამოთქვამს დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, რომ რეალურად სამოქალაქო სივრცე არის შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება და რომ ეს არ შეეფერება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ.
პასუხად, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვედეთის სააგენტო Sida-ს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო ამ ქვეყანაში, შეეწყვიტა ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული გზის მხარდამჭერი, რომ დარჩეს დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ კუთხით ჩვენ ვაკვირდებითო დღევანდელ კანონმდებლობას, რომ გავიგოთ, რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაო.
ჩვენ, როგორც ევროპის სხვა ქვეყნები გავაგრძელებთ საქართველოს მდგომარეობის მკაფიო დაკვირვებასო. ვრჩებით, როგორც დიდი მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის, მისი ევროპული გზის და დემოკრატიული განვითარების და ველოდებით, საქართველოს მთავრობამ გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობაო“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მოთხოვნებზე და აღნიშნა, რომ მოთხოვნად კვლავ რჩება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
მისივე განცხადებით, „თუ ოქტომბრამდე ამას [საპარლამენტო არჩევნებს ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარება“.
„ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილისა და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. როგორ მივაღწევთ არჩევნებს – მივაღწევთ სწორედ იმით, რასაც დღესაც ვხედავთ თუ გავახილეთ თვალი: ეს არის ამ რეჟიმის რყევები, რომელიც გრძელდება ყველანაირად. ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბევრ სხვა უწყებას”, – თქვა მან.
ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების ახალი ტალღა მისი სისუსტის ნიშანია.
მან ისაუბრა საჩივრებზეც, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეიტანა. პარტიამ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „კლანის სასამართლო“ და ა.შ.
სალომე ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯები საზოგადოების შეზღუდვის მცდელობად შეაფასა.
„ის, რაც იწყება დღეს მედიის წინააღმდეგ, ანუ ის მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლებული იყოს თქვენი ყოველივე სიტყვა და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ეს ხომ არის სუფთად ორუელის წიგნიდან წამოსული რაღაც წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება.
ამ დროს ეს საზოგადოება დღეს დგას, იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტს ვერ მოერევიან. ვერ მოერევიან, თუ არ გაჩნდა ის, რაც ერთადერთი რეალური ბერკეტის ხელისუფლებას: საზოგადოებაში შეიტანონ რაღაც გაუგებრობები, იმედგაცრუება, გახლეჩა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ. ანუ ერთიანობა იმაში, რომ ჩვენ მხნედ და გამართულად ვიდგეთ და გაგაგრძელოთ ეს ბრძოლა ბოლომდე და ის ბოლო უკვე მოჩანს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.