პირველ მაისს საქართველოში მოქმედი 10 დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და საზოგადოებრივი გაერთიანებები კოლმეურნეობის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობას გამართავენ. მათი თქმით, ამ ფორმით ისინი აპირებენ გააპროტესტონ საჯარო მოხელებიის მიმართ რეპრესიები და ქვეყანაში უსამართლო სოციალურ პოლიტიკა. მარში 19:00 საათზე დაიწყება.
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარემ, კახი სამხარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიები კიდევ უფრო ფართოვდება.
მისი თქმით, მხოლოდ ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან გათავისუფლდა უკვე 200-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე, ხოლო ზოგადად საჯარო სექტორში გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა 800 ადამიანს აჭარბებს.
გარდა ამისა, კახი სამხარაძის განცხადებით, რეორგანიზაცია 16 აპრილს გამოცხადდა განათლების სამინისტროშიც, ამ ეტაპზე ის უწყების ცენტრალურ აპარატს ეხება.
„მარტო ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან 200-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული სამსახურიდან. გარდა ამისა, დღეს რა პროცესშიც ვართ, რომ განათლების სამინისტროში დაიწყო რეპრესიები, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ამ ეტაპზე ეს ეხება სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, იქ ხდება ეს ე.წ. რეორგანიზაცია და რეალურად, აზრის გამო დევნა. შემდეგ ბუნებრივია ეს პროცესი მოიცავს აუცილებლად საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის სკოლებს, უნივერსიტეტებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ის, რომ ამ პროცესში ყოველთვის ერეოდა სუს-ი ეს პროცესი არის კიდევ უფრო ინტენსიური, გაცილებით უფრო ინტენსიურია ამ მიმართულებით პროცესები და ფაქტობრივად ყველა სკოლის დონეზე მოხდება ჩარევა სუს-ის მხრიდან და მივიღებთ ძალიან მძიმე პროცესებს საბოლოო ჯამში. ამ მოვლენებთან ერთად ჩვენ ვაპირებთ, რომ ერთი მხრივ, სოლიდარულები ვიყოთ საჯარო მოხელეების მიმართ, ვინც ახლაც არის ამ რეპრესიებისა და დევნის ობიექტი. პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეა და ეს არის მათ შორის ევროპული ცივილიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენც 10 დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან ერთად ვაანონსებთ და განვახორციელებთ კიდეც მსვლელობას, რომელიც დაიწყება კოლმეურნეობის მოედნიდან. ეს არის მოედანი, სადაც პირველად შედგა მშრომელების გამოსვლა. ამ სიმბოლური აქტით დავიწყებთ მსვლელობას 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით“, – აღნიშნა კახი სამხარაძემ.