რუსეთის რკინიგზის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, სოჭის სადგურსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის სამგზავრო მატარებელი „დიოსკურია“ ყოველდღიურად, დღეში ორჯერ იმოძრავებს.
პირველი რეისი დღეს, 1 მაისს შედგა.
რუსეთის რკინიგზის ცნობით, სოჭის იმერეტინსკის კურორტიდან სოხუმამდე მატარებელი გაჩერდება აბაატას, გაგრიფშის, გაგრის, ბზიფტას, გუდაუთის, ფსირცხას და ახალი ათონის სადგურებში.
ასევე, რუსული მხარის ცნობით, ელექტრომატარებლის მგზავრები საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს გაივლიან მატარებელში რუსეთის ვესიოლოეს სადგურზე და აფხაზეთის ტერიტორიაზე, ცანდრიპშში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას და ამას შემაშფოთებელი უწოდა.
დღეს რუსეთსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის აღდგა ავიამიმოსვლაც, რომელიც აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ შეჩერებული იყო.