„ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა? თუ მანდ რა მოხდა, ნიჩურტი ჰქონდათ?“ - ელისაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც პარტია „მოქალაქეებს“ წარმოადგენს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა? თუ მანდ რა მოხდა, ნიჩურტი ჰქონდათ?“, – წერს ელისაშვილი ოფიციალურ Facebook-გვერდზე.


განახლება: მოგვიანებით ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქზე მისი პოსტის განმარტება გამოაქვეყნა.

„.რატომ წააგო ახლა ყველა დიდი ქალაქი ნაცმოძრაობამ და რატომ მოიგო წალენჯიხა?! ციცო დეიდებზე და უბნის ძველ ბიჭებზე გადაბრალება არის სისულელე. ერთიც გამოიყენა ოცნებამ, მეორეც და კიდევ ბევრი რამ ტრადიციული წინასაარჩევნო სისაძაგლე (სხვათაშორის ნაცმოძრაობის აწყობილი სქემაა), მაგრამ მაგ ყველაფერს აქვს ზღვარი და ლიმიტი. სულ რამდენიმე პროცენტია მისი მასშტაბი. მთავარი პრობლემა იყო ის რომ ხალხი არ მივიდა მასობრივად არჩევნებზე.

ნახევარი ამომრჩეველი დარჩა სახლში. 50 პროცენტიდან 10 რომ მისულიყო არჩევნებზე ვერანაირი სუსი, ციცო დეიდა და სასაცილო ძველი ბიჭები ვერ უშველიდნენ ოცნებას. რატომ დარჩა ხალხი სახლში? ესაა მთავარი კითხვა. რატომ ვერ აანთო ხალხი ნაც. მოძრაობამ? იმიტომ რომ ყველა გრძნობს რევანშიზმს. არანაირი პოზიტივი, არანაირი განვითარების ხედვა. უბრალოდ ხელისუფლების ჩაგდების სურვილი. და თან სიხარბე – მაგალითად დაეყენებინათ თბილისში ვთქვათ ბადრი ჯაფარიძე და არა ნიკა მელია მერობის კანდიდატად? ვერ დათმეს.

ჰოდა ამ სიხარბემ ხალხი დატოვა სახლში. წალენჯიხაში კიდევ მოხდა ის რომ ხალხი მასობრივად მივიდა არჩევნებზე, ოპოზიციური ელექტორატი არ დარჩა სახლში. ჰოდა, ამიტომაც ციცო დეიდების და იქაური ჩაცუცქულების ლიმიტი ოცნების მოგებას არ ეყო“, – აღნიშნა ელისაშვილმა.


წალენჯიხის მერობის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. ის ერთადერთი ოპოზიციონერი მერია.

შერჩევის პრინციპით, ცესკომ უბნების გადათვლა დაასრულა. ჯამში, 201 უბნის მონაცემი გადაითვალა, რასაც, ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. გადათვლის შემდეგ სურათი არ შეცვლილა არც წალენჯიხაში. არჩევნების შედეგებით, წალენჯიხის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.