12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრის რეკომენდაცია გაიცემა მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონეებზე - გაბუნია

პუბლიკა

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრის რეკომენდაცია გაიცემა მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე  ბავშვებისთვის. – ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ჯგუფში, ჩვენ შევჩერდით 12-15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე. ასევე აქაც იკვეთება ჯგუფები, ვინც ხშირად მოგზაურობს ან სხვა ქვეყანაში აიცრა ერთი დოზით და მეორე დოზა აქვს გასაკეთებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნები ინდივიდუალურად იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

იაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, 12-15 წლის ასაკის ბავშვების აცრის საჭიროება კორონავირუსის დომინანტმა დელტა შტამმა განაპირობა.

„საქართველოში დელტა ვარიანტი დომინანტურია. ჩვენც გვქონდა პერიოდი ქვეყანაში, როდესაც საწოლებიც არ იყო საკმარისი პედიატრიული პაციენტებისთვის, იმდენად მოიმატა ჰოსპიტალიზაციის საჭიროებამ ბავშვებში.

დღეს იმუნიზაციის საბჭოს შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც გულისხმობს პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვების აცრას. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაღალ რისკთან.

ეს არის თანდაყოლილი ანომალიების ნერვული სისტემის, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება – გულის, თირკმლის, ღვიძლისა და ა.შ.

პირველ ეტაპზე დაიწყებს ქვეყანა რისკის ჯგუფების ვაქცინაციას, შემდეგ ისევ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და იმსჯელებს გაფართოებაზე.

ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ „ფაიზერს“, ვინაიდან საქართველოში ხელმისაწვდომი 4 ვაქცინიდან მხოლოდ ფაიზერს აქვს  ნებადართული გამოყენება 12 წლიდან ასაკის ჯგუფში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile