2025 წლის 31 დეკემბერს ვაკეში, კორტებთან, მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას შეურაცხადობა დაუდგინდა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა.
მალხაზ ბოკუჩავა 2025 წლის 31 დეკემბერს ვაკის კორტების მიმდებარედ ჩაცხრილეს.
მომხდარი მკვლელობის საქმეზე მალხაზ ბაგათელია დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.
მოკლული მალხაზ ბოკუჩავას ოჯახი ეჭვქვეშ აყენებს მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ ბაგათელიას შეურაცხადად ცნობას და მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნა სათანადოდ არ არის დასაბუთებული.
ოჯახმა განცხადება 9 აგვისტოს, განაჩენამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა და განცხადებას თან დაურთო ვიდეომასალაც, რომელშიც, მათი შეფასებით, ჩანს, რომ ბრალდებული მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მოქმედებს.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ ადამიანი, რომელმაც ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლე განზრახ ხელყო, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეურაცხადად იყოს მიჩნეული (ექსპერტიზა ჩატარდა მკვლელობიდან 3 თვის შემდეგ), მაშინ როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში არანაირი დასაბუთებაა არაა მოცემული, რის საფუძველზე ცნეს მკვლელი შეურაცხადად.
ვიდეოში ჩანს მკვლელი, რომელიც თანმიმდევრულად, ფრთხილად და მიზანმიმართულად მოქმედებს, მიდის კონკრეტულ ადგილას, იყენებს წინასწარ შერჩეულ ავტომობილს, წინასწარ ნაშოვნ მაყუჩიან იარაღს და კლავს ჩვენი ოჯახის წევრს.
როგორ ფიქრობთ, შეესაბამება თუ არა ასეთი ქმედებების ხასიათი იმ დასკვნას, რომლის მიხედვითაც მკვლელობის ჩადენის მომენტში ეს ადამიანი შეურაცხადი იყო?
საქმის გამოძიების ეტაპზე ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა რომ მალხაზ ბაგათელიას 1990-იან წლებშიც ჰქონდა ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებული ისტორია.
ვიდეოს ვაქვეყნებთ იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავად ნახოს მკვლელობის წინ და შემდეგ განხორციელებული მოქმედებები, რომლებიც აშკარად ადასტურებს, რომ მკვლელი არათუ შეურაცხადია, არამეც ზედმიწევნით დაგეგმილი მკვლელობა მოჰყავს სისრულეში“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.