5 ძირითადი ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში - სუს

პუბლიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს გასული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში სხვადასხვა საკითხთან ერთად განხილულია ჰიბრიდული ომის საფრთხე. რომლის წარმოებისასაც, სუს-ის მონაცემებით, იკვეთება 5 ძირითად ინსტრუმენტი. ესენია:

საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები (სხვა ინსტრუმენტთან ერთად, აღნიშნული ისნტრუმენტით მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია)

ე.წ. საინფორმაციო ომი.

ე.წ. რბილი ძალა.

ეკონომიკური ბერკეტები.

ფარული ოპერაციები.

როგორც სუსის ანგარიშში ვკითხულობთ, ჰიბრიდული ომის ძლიერ ინსტრუმენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები წარმოადგენს. რომლებიც ატარებენ სამხედრო წვრთნას, აკავებენ მოქალაქეებს, ავლებენ უკანონო საზღვრებს.

„შედეგად ზიანდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იმიჯი და ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“. – წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები აწარმოებდნენ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიებს. რომლის ძირითადი მიზნები იყო – „დემოკრატიული ღირებულებების დაკნინება, დასავლეთის კრიტიკა, საპირწონედ – ცალკეული ქვეყნებისთვის მისაღები მსოფლმხედველობის გავრცელება”.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კამპანიების შედეგად ცდილობდნენ მოსახლეობის პოლარიზაციას, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელებას, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე ზეგავლენას.

„ეს კამპანიები იწარმოება ყალბი ახალი ამბების, ფაქტების დამახინჯების, ისტორიის გაყალბების და მითების შექმნის გზით. აქტიურად გამოიყენება სოციალური მედია, სხვადასხვა ინტერნეტბლოგი და პლატფორმა, რომლის მომხმარებელთა უმეტესობა ახალგაზრდობაა”.

სუსი ამ კამპანიების კლასიკურ მაგალითად ლუგარის ლაბორატორის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს განიხილავს.

სუსის ანგარიშის მიხედვით, ისინი ავლენენ ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაფინანსებული, მართული თუ სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერილი ორგანიზაციებს, ჯგუფებსა თუ ცალკეულ პირებს, ადგენენ მათგან მომდინარე საფრთხეს, მათ მოქმედების არეალებს და ამოცანებს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები ცდილობდნენ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სომხეთთან, აზრებაიჯანთან თურქეთთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის გზით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. „ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას.“

სუსს მაგალითად მოჰყავს 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, „სადაც ჩართული იყო სხვადასხვა ძალა, მათ შორის ეროვნული ფასეულობების საფარს ამოფარებული პირები და ჯგუფები.“

სამსახურის ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება მიგრაცის არხების კონტროლს ექცევა. სუსის მონაცემებით, მაღალია საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რაოდენობა, რომლებიც ამას ხშირად საქართველოს მოქალაქეების დახმარებით ახერხებდნენ კიდეც.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სამსახურმა გამოავლინა 778 პირი, რომელიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდა საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. 2019 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო ძიება  სისხლის სამართლის 13 საქმეზე და პასუხისგებაში მიეცა 9 პირი.