5 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ლევან გამრეკელს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

პუბლიკა

5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ლევან გამრეკელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ გამრეკელთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს – პაატა ნოზაძესა და რომან მეტივიშვილს.

ხაშურის საკრებულოს ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე, ლევან გამრეკელი პატიმრობაში 2025 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2020–2023 წლებში ბრალდებულები „ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ, სახელმწიფოს კუთვნილ, დაახლოებით 5 მილიონი ლარის ღირებულების მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა“.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან გამრეკელი ბიზნესმენია.

ის 2018 წლიდან იყო ხაშურის საკრებულოს წევრი, ხოლო 2021-2025 წლებში ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან გამრეკელი არ მოხვდა „ქართული ოცნების” 2025 წლის 4 ოქტომბრის საკრებულოს საარჩევნო სიაში.

ფინანსური დეკლარაციების თანახმად, მისი 2021 წლის შემოსავალი 3 მილიონ ლარს აღემატებოდა.

„ფლანგვის დეტექტორის” თანახმად, 2021 წელს მან ახლად დაარსებული კომპანიიდან მოგების სახით 1.2 მილიონი ლარი მიიღო.

ამავე წელს გამრეკელმა 50,000 დოლარად Mercedes G Class შეიძინა.

„ფლანგვის დეტექტორისვე” მოკვლევით, 2015 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფო შესყიდვებში ლევან გამრეკელთან დაკავშირებულმა სამმა კომპანიამ 26 ტენდერით 3 მილიონამდე ლარი მიიღო, აქედან 10 ტენდერი – მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან.