დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია ააშენებს

პუბლიკა

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასით თურქულმა კომპანიამ EYE-მ  (Emre Ray+ Yüksel + Erk) გაიმარჯვა.  პროექტის დონორი აზიის განვითარების ბანკია. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება.

პროექტი შედგება სამი ეტაპისგან, რომლებიც პროექტის მომზადებასა და მშენებლობას გულისხმობს. აღნიშნული ეტაპებისთვის ვადა 36 თვითაა განსაზღვრული. კალაძის თქმით, პროექტის სრული დასრულება შემდგომი 4 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

„რაც შეეხება ტრამვაის ხაზს, იგი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით, დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას; ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს,სადაც 11 გაჩერება განთავსდება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. ხაზის მშენებლობის პარალელურად,გამოცხადდება ცალკე ტენდერი ტრამვაის 10 ერთეული შემადგენლობის შესყიდვაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი 31 მარტს გამოცხადდა. მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო, მათგან 3 თურქეთში იყო რეგისტრირებული და ერთი ჩინეთში. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 416 592 000 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო თურქულმა კომპანია EYE-მ საბოლოო ფასის სახით 287 654 321 ლარი შესთავაზა.