6-17 წლის ბავშვების რამდენი პროცენტი დაესწრო ონლაინგაკვეთილებს - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის ცნობით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც დადიოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ან ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს დისტანციურად 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული და გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახში, შეადგენს 78.7 პროცენტს, მათი პროცენტული წილი, ვინც სასწავლო პროცესს მხოლოდ დისტანციურად ესწრებოდა 11.2 პროცენტია, კომბინირებულად ესწრებოდა ბავშვების 8.7 პროცენტი, ხოლო გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში სასწავლო პროცესს არ ესწრებოდა 1.4 პროცენტი.

აქვე ვკითხულობთ, რომ გამოკვლევის შედეგების მიხედვით 96% განისაზღვრა 6-17 წლის ასაკის ბავშვების წილი, რომლებიც გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ ონლაინგაკვეთილებს, 3.5% კი არ ესწრებოდა ონლაინგაკვეთილებს, მაგრამ ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 77.4 პროცენტი კმაყოფილია შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით. აღნიშნული მაჩვენებელი დასახლების ტიპის მიხედვით უფრო მაღალია ქალაქის ტიპის დასახლებებისათვის, სქესის მიხედვით – იმ რესპონდენტებისათვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბიჭის დისტანციური სწავლება, ხოლო ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით – იმ რესპონდენტებისათვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-11 წლის ასაკის ბავშვის დისტანციური სწავლება.

გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის სასურველი სწავლების ფორმა არის სასწავლო ოთახში სწავლება (95.8%), სწავლების დისტანციურ ფორმას უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 1.5 პროცენტი, ხოლო 2.7 პროცენტს ურჩევნია კომბინირებული სწავლება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოკვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 965 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 031 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI). გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, გამოკვლევის მეორე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.