8 ოქტომბერს ბრალდებულებმა შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული - პროკურორი

პუბლიკა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის პოზიციით, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში იყო საფრთხე ურთიერთშეთანხმებული მოქმედებისა გამოძიების ხელშეშლის მიზნით, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებს არ ჰქონდათ სახელმწიფოს ნებართვა, მოეშალათ მზიდი კედლები. მისი მტკიცებით, ბრალდებულებმა თვითნებურად მოანგრიეს საყრდენი კედლები, რის გამოც კორპუსის სიმტკიცე შეირყა და სადარბაზო ჩამოინგრა.

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის ინფორმაციით, ბრალდებულს მხოლოდ გარე ფასადის შეცვლის ნებართვა ჰქონდა, რაც ფანჯრების ვიტრაჟით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებმა შენიშნეს, რომ არ იხსნებოდა სადარბაზოს კარი, თუმცა არცერთი ორგანოსთვის არ მიუმართავთ.

„8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ არ იხსნებოდა საცხოვრებელი კარი, სადარბაზო შესასვლელი კარი, იმიტომ არ იხსნებოდა კარი, რომ კორპუსს ჰქონდა დაწევა დაწყებული, კედლებს და ამიტომ არ გაიხსნა. ნაცვლად იმისა, რომ  ან სახელმწიფო ორგანოსთვის შეეტყობინებინათ, ან მეზობლებისთვის ეთქვათ, ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც რომ გადარჩენილიყო, ნაცვლად ამისა, წავიდნენ, მოიტანეს რკინის კონსტრუქციები ვითომდა გასამაგრებლად…

[კონსტრუქციები] ერთ-ერთმა ბრალდებულმა წამოიღო თავისი სამუშაო ადგილიდან. კონკრეტულად საიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიკითხებიან და დადგინდება დეტალები.

ბრალდებული ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, „რედისონში“ თუ არ ვცდები, თუმცა უშუალოდ ვისგან წამოიღო კონსტრუქციები, ამას გამოკითხული პირი არ აფიქსირებს“, – განაცხადა პროკურორმა.

რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს

ერთ-ერთი ბრალდებულის უფლებადამცველი, რამინ პაპიძე ამბობს, რომ გამოძიებას ამოღებული აქვს ბინის მფლობელის, ზაურ ბუდაგოვის ტელეფონი, რომელშიც კორპუსში მცხოვრები დაზარალებული მშენებლის მიერ გადმოგზავნილი დემონტაჟის პროექტია შენახული.

მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე ვერ დამტკიცდება, რომ სადარბაზოს ჩამონგრევა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

პროკურორის ინფორმაციაზე, თითქოს მუშებმა შენიშნეს კედლების დაძვრა და რკინის კონსტრუქციები მოიტანეს გასამაგრებლად,  ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარემ არ უთქვამს, რომ ეზოში მერიის მიერ დაქირავებული მძიმე ტექნიკა აწყობდა გზას, რასაც თან ახლდა ვიბრაციები, კორპუსის უკან კი სხვა სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ადვოკატის თქმით, შესასწავლია, სხვა ბინადრებმა რა ტიპის სამუშაოები განახორციელეს, ამოსაღებია მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვებიც.


ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო პარასკევს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადარბაზოს პირველ სართულზე არსებული ფართის მფლობელი და კიდევ 2 პირი დააკავა.

პროკურატურამ მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.).

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს – ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა – ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე.

„ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.