„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ რიონის ხეობის დამცველთა პროტესტს და მიაჩნიათ, რომ პროტესტის ორგანიზატორთა მოთხოვნები სამართლიანია. ჰესი კაბალური სახელშეკრულებო პირობებით შენდება საქართველოს მოქალაქეები ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და ემოციური თვალსაზრისით წაგებულ მდგომარეობაში რჩებიან.
„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, მათთვის, როგორც პროტესტის მხარდამჭერებისთვის, მნიშვნელოვანია ამ ბრძოლის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობა. ამიტომ, ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების ძალადობისა და მუქარის ფონზე სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება. აქციის ორგანიზატორებს კი „პრაიდი“ მოუწოდებს, რომ გაემიჯნონ ძალადობრივ დაჯგუფებებს და ხმამაღლა დაგმონ აქციებზე მათგან მომდინარე ძალადობა.
„ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, თუკი პროექტის თანმხლები ზიანი და სარგებელი არ არის სათანადოდ აღრიცხული და შეფასებული; თუკი პროექტის თანმხლები სარგებელი არ აღემატება ზიანს, ხოლო აღნიშნული სარგებლის უპირველესი მიმღები არ არის ადგილობრივი მოსახლეობა ან/და მთლიანად საქართველოს მოქალაქეები.
ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დემოკრატიული ჩართულობის გარეშე.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა თავს არიდებს ნამოხვანჰესის პროექტის ადგილობრივ მოსახლეობასთან და პროტესტის ორგანიზატორებთან განხილვას, არ აქვს პასუხი პროექტის თანმხლებ ზიანსა და სარგებელთან დაკავშირებით, და ვერ ამტკიცებს, რომ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებს ასახავს.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ რიონის ხეობის მცველთა პროტესტი საჭიროცაა და სამართლიანიც. მეტიც, ეს ჩვენი, ქვიარების ბრძოლაცაა, ვინაიდან ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ დაცულ, თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში!
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს ამ ბრძოლის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ქვიარ თემს ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შელახვის წლების გამოცდილება გვაქვს.
ჩვენ ხშირად ვხდებით ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მუქარის, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის სამიზნე. ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების ლიდერები ლევან ვასაძე და მამა-შვილი ფალავანდიშვილები არაერთხელ დაგვემუქრნენ და დაგვესხნენ თავს ქვიარ თემის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს.
სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი საჩივარის და როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ამ საკითხის არაერთხელ დაყენების მიუხედავად პოლიცია და სახელმწიფო არ ახდენს სათანადო რეაგირებას ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი მიზნებისთვის მებრძოლი მოძრაობები და აქტივისტები გაემიჯნონ ამ ექსტრემისტულ, ძალადობრივ დაჯგუფებებს და ხმამაღლა დაგმონ მათ მიერ აქციებზე განხორციელებული ძალადობის აქტები. სხვა შემთხვევაში, ვშიშობთ, ამ დაჯგუფებებმა შეიძლება მოახერხონ პროტესტის დისკრედიტაცია და არასწორი მიმართულებით წარმართვა, რაც არც ჩვენი და არც რიონის ხეობის მცველთა ინტერესებში არ არის.
ვთხოვთ რიონის ხეობის მცველებს, პატივი სცენ ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე, მათაც ჩვენთან ერთად მოთხოვონ სახელმწიფოს, აქციებზე მომხდარ თავდასხმებზე ადეკვატური რეაგირება და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებმაც შესაძლოა ძალადობის წახალისება გამოიწვიოს“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.