„ქართული ოცნების“ წევრისა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თამვჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები „პრაქტიკულად ცდილობენ, ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“.
„ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მათ უნდა ჰქონდეთ რაღაცა გრანდიოზული აქცია. რომ ვერ გააკეთებენ აქციას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ პრაქტიკულად ისინი ცდილობენ, რომ ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ყველაზე დიდი დღე, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ძალიან არ მინდა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მათ იმ ადამიანების თამაში ითამაშონ და იმ ადამიანების სურვილზე გაიარონ, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვიათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა დღეს განაცხადა, რომ თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციები 26 მაისსაც გაგრძელდება და მოუწოდა ხალხს მათი მხარდაჭერისკენ.
„როგორც გონიერი საზოგადოება, ვცდილობთ, არ გადავიდეთ დესტრუქციაში და მშვიდობით მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე. არ დავანებებთ ხელისუფლებას, რომ იმ ვექტორით წაგვიყვანოს, რომელიც აწყობს თავად. ეს არის გზა ძალადობისკენ და პარტიული დღის წესრიგისკენ, რომელიც ჩაახშობს ამ ჯანსაღ და ნამდვილ მოძრაობას.
ჩვენ დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ. მინდა გითხრათ, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. მოვუწოდებთ ყველას, 26 მაისს არ მივიდნენ იმ აღლუმზე, არამედ მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, – განაცხადა დღეს გოლეთიანმა.