მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე ნამახვაჰესის საწინააღმდეგო შემაჯამებელ აქციას მართავს. აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ამ პროცესში რაიმე შეიძლებოდა სხვაგვარად უკეთესი ყოფილიყო, ერთად დგომით ყოველთვის იქნება შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა.
„ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც შეცდომაც რომ მოუვიდეს და აუცილებლად მოუვა შეცდომა… ჩვენც დავუშვებთ შეცდომებს, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ ვართ გულწრფელი ადამიანები. ჩვენ გვტკივა ერთმანეთის შეცდომები და აუცილებლად ვაპატიებთ ადამიანებს ამ შეცდომებს. თუ რაიმე ნაბიჯი შეიძლება არის აღქმული და დანახული სხვისგან, რომ შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო ან სხვაგვარად ყოფილიყო უკეთესი, თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ყოველთვის გვექნება ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამიტომ, მთავარია ჩვენი ერთობა და მთავარია ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ჩვენი წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროტესტი და ჩვენი ბრძოლა დაკნინდება შემცირდება, მუხტს დაკარგავს“, – თქვა მან.
ვარლამ გოლეთიანმა დამშვიდობებისას აღნიშნა, რომ რამდენჯერაც საჭირო გახდება, ისინი დადგებიან ამ და სხვა მოედნებზეც და აჩვენებენ უფრო დიდ ძალას, ვიდრე ეს დღეს აჩვენეს.
ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ამ პერიოდის განმავლობაში მოაწყვეს მსვლელობები დედაქალაქის ქუჩებში.
ამ წუთებში ისინი რიონის ხეობაში ბრუნდებიან და პროტესტის იქ გაგრძელებას გეგმავენ.