დღესაც იქნება ხმაური მთელი ღამის განმავლობაში - გოლეთიანი

პუბლიკა

„რიონის ხეობის მცველის“, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღეს საღამოს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები გუმათჰესთან კვლავ ხმაურიან აქციას გამართავენ.

„კომიკური გადაწყვეტა ვნახეთ საკითხის შსს-გან როდესაც, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღძრა…სასურველია, რომ მსგავსი პრეცედენტები სხვა მართლა დანაშაულებზე მოქმედებდეს ქვეყანაში.

გავაგრძელებთ ამ პროტესტს იმავე ფორმით, დღესაც იქნება ის ხმაური, რაც გუშინ იყო, მათ შორის, მთელი ღამის განმავლობაში.

რაც შეეხება ხვალინდელ გეგმას, მოგვივიდა ინფორმაცია, რომ შეჩერებულია სამუშაო, ვერ გადავამოწმეთ, მაგრამ ხვალ, ვფიქრობთ, ვნახოთ ჩვენი თვალით. სანამ არ შეწყდება ხეობაში მუშა პროცესი, გაგრძელდება პროტესტი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის განმარტებით, სოფელ ტვიშში მყოფი „რიონის ხეობის მცველები“ შეამოწმებენ, აწარმოებს თუ არა სამუშოებს კომპანია „ენკა“.

„ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ძალადობას არ მივმართავთ. მოქმედებას, რომ იერიში მივიტანოთ რამეზე, კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობის ფორმებს, რომ დაზიანდეს თუნდაც ეს ბარიკადი. ის, რომ არ შევუშალოთ კომპანიას ხელი, ამაში ჩვენ თავს დამნაშავედ ვიგრძნობთ“, – განაცხადა გოლეთიანმა.

კომპანია „ენკაში“ „პუბლიკას“ ოფიციალურად არ უდასტურებენ ინფორმაციას, რომ რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოები დღეს არ მიმდინარეობდა.