გუმათჰესთან აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს - ომბუდსმენის წარმომადგენელი

პუბლიკა

რიონის ხეობაში, გუმათჰესთან ხმაურია. ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტები რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ.

აქტივისტების თქმით, ზოგი მათგანი ღობის მიღმა გადასვლას ცდილობდა, რაშიც ხელი მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეუშალეს. მათივე ინფორმაციით, დააკავეს 2 აქტივისტი. დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ვარლამ გოლეთიანიც.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელია გადასული და გაარკვევს სიტუაციას. ვინც აქ იდგა წინა რიგებში, 2 ადამიანია დაკავებული. დააკავეს მიწოლის პროცესში. როცა დაგვიპირისპირდნენ, ვაკეთებ მოწოდებას, რომ დავიხიოთ უკან, შესაძლოა, ჭყლეტის დროს ვიღაცას საფრთხე შექმნოდა, მაგრამ იმას არ ვცდილობთ, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგეთ. უნდა შევძლოთ ერთხელ და სამუდამოდ ბარიკადების მიღმა გადასვლა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიან ფორმებში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2 ადამიანია დაკავებული 166-ე და 173-ე მუხლებით. მისი თქმით, ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას ვერ მიაწოდებს მედიას. მისი თქმით, მიმდინარეობს იდენტიფიცირება და მათი გადაყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, პროცესის მონიტორინგს სახლახო დამცველი აწარმოებს და შეფასებას მოგვიანებით გააკეთებს.

ინფორმაციის დასადასტურებლად „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.