2021 წლის 27 მაისს თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალური მუშაკის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა – ბათილად ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მოპასუხეს დაავალა სოციალური მუშაკის სამსახურში აღდგენა და გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ამის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
მათი თქმით, 2020 წლის 31 იანვარს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გაათავისუფლა სოციალური მუშაკი, რომელიც „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ წევრია. სოცმუშაკის უფლებებს საია იცავდა.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020 წლის დასაწყისში სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ, მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.
ცვლილებების შესაბამისად, ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა დაშტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.
ამის მიუხედავად, სოციალური მუშაკი სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.