პოლიცია „ენკას" ოფიციალურ გადამზიდ კომპანიად იქცა - გოლეთიანი

პუბლიკა

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის” მოძრაობის აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA-ს მუშახელი პოლიციის მანქანებით გადაიყვანეს საპროექტო ტერიტორიაზე.

„საპოლიციო ძალები იქცნენ ოფიციალურ გადამზიდ კომპანიად „ენკასთვის”. დღეს დავინახეთ, რომ გაიარა კოლონამ, პოლიციის „პიკაპებმა”, რომლის უკანა სავარძლებზეც ისხდნენ კომპანიის მუშები.

რადგან ჩვენ აქ ვდგავართ და ნათქვამი გვაქვს, რომ ვზღუდავთ კომპანიის ტექნიკის გადაადგილებას, როგორც ჩანს, ამ ხერხს მიმართეს და პოლიციის მანქანებში გადასვეს კომპანიის მუშახელი”, – ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ამ ეტაპზე რჩებიან ENKA-ს ბაზასთან სოფელ გუმათში და შეეცდებიან, რომ არ გაატაროს კომპანიის ტექნიკა.

„პოლიცია სპეცტექნიკას ვერ გადაიყვანს. მაგ ნაწილში მაინც მნიშვნელოვანია გზის გადაკეტვა, რომ არ მოხდეს ტექნიკის გადაყვანა მეორე მხარეს და რაც აუცილებლად დასჭირდება კომპანიას“, – ამბობს გოლეთიანი.

რაც შეეხება საღამოს გეგმებს, გოლეთიანი ამბობს, რომ გუშინდელი დღის მსგავსად, შეეცდებიან, „შევიდნენ ბარიკადის მეორე მხარეს” და ასევე, გაგრძელდება ხმაურის აქციაც.


მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტები და მათი მხარდამჭერები, ბოლო პერიოდია, გუმათჰესთან არიან შეკრებილები და მოითხოვენ, პოლიციამ აიღოს რკინის ბარიკადები და სოფელ ნამოხვანში გადასვლისა და პროტესტის იქ გაგრძელების შესაძლებლობა მისცეს. გოლეთიანი ამბობს, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
  5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.