აპრილში ეკონომიკა 44,8%-ით გაიზარდა - საქსტატის წინასწარი შეფასება

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

საქსტატის მონაცემებს ვიზუალურად გაეცანით ბმულზე.


საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.