4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
პროკურატურა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმებას 1 წელი და 1 თვე რეალური სასჯელითა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. შეთანხმება ჭავჭანიძის მხარისთვისაც მისაღებია. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ დაუმტკიცებია.
იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო საპროცესო შეთანხმებას ამ პირობით დაამტკიცებს, ზურაბ ჭავჭანიძე პენიტენციურ დაწესებულებას 7 ნოემბერს დატოვებს.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი გამოთქვა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, ანტონ ვარდანიძემ, რომელსაც ზურაბ ჭავჭანიძის მსგავსად 5 წელი აქვს მისჯილი.
22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნო. განაჩენი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა. რვავე მსჯავრდებულს 5-5 წელი მიესაჯათ.
პროკურატურა მათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. მათ ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.