ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ახლა 150-მდე ბავშვია - მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

პუბლიკა

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონის (აბულაძე) განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიას დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონში, 150-მდე ბავშვი იზრდება. ამის შესახებ მთავარეპისკოპოსმა „საპატრიარქოს ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ახლა ვართ წმინდა ნინოს ბავშვთა სახლში, იმ ბავშვთა სახლში, ასეთ შეტევებს რომ განიცდის. ბევრი ბავშვები იზრდება აქ. 100-ზე მეტი ბავშვი იყო, ახლა 150-მდეა”, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა.

აქამდე, სახალხო დამცველისა და ბავშვის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელთ არსებული ინფორმაციით, პანსიონში 56 ბავშვი იმყოფებოდა.


სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს, ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიეცათ.