„ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პუბლიკა

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) TV პირველის „დღის ამბებში“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ მდგომარეობასა და ამ პანსიონის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშზე ისაუბრა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი იმ ეპარქიის ტერიტორიაზეა, რომლის მმართველიც ნიკოლოზ ფაჩუაშვილია.

მისი განცხადებით, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, ყველაფერი სიცრუეა და ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ცხოვრობენ, ვიდრე უწინ.

მიტროპოლიტ ნიკოლოზს გადაცემის წამყვანმა გააცნო ნინო ლომჯარიას განცხადება იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველს პროკურატურიდან მიღებული აქვს ინფორმაცია, რომ პანსიონში ძალადობაზე არაერთი საქმეა აღძრული.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მას პირადად ნინო ლომჯარიასგან სურს ბრალდებების მოსმენა. მისი თქმით, თუ საქმეებია აღძრული, მაშინ პროკურატურამ საქმე მიიყვანოს ბოლომდე და თუ კრიმინალურ დანაშაულს აღმოაჩენენ, დამნაშავეები დასაჯოს.

მიტროპოლიტის თქმით, ყველაფერი სიცრუეა, რადგან პანსიონი 17 წელია, არსებობს და იქ მსგავსი არაფერი მომხდარა.

„ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა“, – აცხადებს ის.

„90-იანი წლებიდან ეკლესია აგროვებს ამ ბავშვებს, მოჰყავს…[იმყოფებიან] რა პირობებშიც იყვნენ, იმაზე უკეთესში. საჭმელი აქვთ, სასმელი აქვთ, ღამის გასათევი აქვთ“, – თქვა მიტროპოლიტმა.

რაც შეეხება მეტანიის ფორმით ბავშვების დასჯას, მიტროპოლიტი ამბობს, რომ მეტანია დასჯის ფორმა არ არის.

„მეტანია დასჯა არ არის. თქვენ გაგიკეთებიათ მეტანია ოდესმე? რომ არ გაგიკეთებიათ, იმიტომ ამბობთ ასე. მეტანია როგორ შეიძლება დასჯის მეთოდი იყოს თუნდაც მცირეწლოვანი ბავშვისთვის. ჩვენ მცირეწლოვანი ასაკიდან ვაჩვევთ იმას, როგორ იცხოვროს ქრისტიანულად. ლოცვა შეიძლება დასჯა იყოს, კაცო? მეტანია ლოცვაა, ლოცვის ატრიბუტია“, – განაცხადა მან.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, ნინო ლომჯარიამ რომ პირადად გადაწყვიტოს პანსიონში მისვლა, არ ჰგონია, რომ რამე პრობლემა შეექმნას. ის ამბობს, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონია ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი და მის ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ მისი პოზიცია ის იქნება, რომ პირადად ნინო ლომჯარიას ბავშვთა სახლში შეუშვებენ, ოღონდ, არა მისი აპარატის წარმომადგენლებს, რადგან, მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ისინი „სიცრუეებს წერენ“.


სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით დაწესებულებაში ბავშვთა უფლებები მრავალმხრივ ირღვევა და ბავშვები არიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი.

„საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ერთ– ერთ გავრცელებულ დასჯის ფორმას მეტანია წარმოადგენს… მეტანიების გაკეთების ვალდებულება ნინოწმინდის ბენეფიციარებსაც აქვთ, როგორც დასჯის ფორმა“…“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ბენეფიციარებს, დასჯის მიზნით, ეკრძალებათ ოთახიდან გასვლა, უწევთ კვების ერთი–ერთი კომპონენტის გამოტოვება. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ უწევთ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული.


სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.