სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან არ უნდა გავჩერდეთ, შევიკრიბოთ პროკურატურასთან - ხოშტარია

პუბლიკა

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია 6 საათზე პროკურატურასთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას აანონსებს.

„ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე! სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან, არ უნდა გავჩერდეთ! დღეს 6-ზე პროკურატურასთან შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ გაუგონარ სისასტიკეზე“, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.