აბასთუმანში დაკარგული 7 ახალგაზრდა მაშველებმა იპოვეს - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა და რეინჯერებმა აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ახალგაზრდები მაშველებს ტყიდან ამ წუთებში გამოჰყავთ.

საგანგებოს ინფორმაციით, 7 ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმანში რამდენიმე დღის წინ გავიდა, მათთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ კი მოქალაქეთა ძებნაში სამაშველო სამსახური და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ჩაერთვნენ.

„ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

დაკარგული ახალგაზრდების ნათესავები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ ახალგაზრდები აბასთუმნის ტყეში 2 ივნისს შევიდნენ და დაბრუნებას 4-ში აპირებდნენ. თუმცა მათთან კავშირი გაწყდა და ამ დრომდე არ ჩანდნენ.