დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ შეუფერხებლად გაიტანთ ნახატს ქვეყნიდან - კულტურის სამინისტრო

პუბლიკა

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ცრუ ინფორმაციაა, რომ თითქოს მხატვრების ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანისათვის კულტურის სამინისტრომ ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც ნებართვის გაცემაზე 21-დღიან ვადას აწესებს. მათი თქმით, ნახატების ქვეყნიდან გატანის ნებართვის 20-დღიანი ვადა 2015 წლიდან მოქმედებს.

„სინამდვილეში 20 დღე განსაზღვრულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N05/63 ბრძანებით, რომლის მეორე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, გაუგებარია სხვადასხვა პირების აპელირება 20 დღეზე, როგორც ახალ რეგულაციაზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ნორმა 2015 წლიდან მოქმედებს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ყველა პირი, ვინც შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, დაუბრკოლებლად მიიღებს ნამუშევრის ქვეყნიდან გატანის უფლებას.