შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომელთაც პროტესტის ნიშნად პირი ჰქონდათ ამოკერილი და შიმშილობდნენ, პროტესტი შეწყვიტეს.
მათი ცნობით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმდნენ, რომ ზიანს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაითვლის, ზარალს კი კომპანია აანაზღაურებს.
მათივე თქმით, როგორც პროტესტის მონაწილეები, ასევე კომპანია განცხადებას ხვალ, 10 ივნისს გაავრცელებენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდებოდა. 8 ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმემ კი პირი ამოიკერა.
შუქრუთელები, რომლებმაც პროტესტი, თავდაპირველად ჭიათურაში დაიწყეს, ჩივიან, რომ ხელისუფლება მათი გასაჭირით არ ინტერესდება. მოშიმშილეები სახელმწიფოსგან ყურადღებას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია. ისინი მოითხოვენ ადეკვატურ კომპენსაციას, მანამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.