80 მომხრე, 10 წინააღმდეგი – პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.
შვიდი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის უმეტესი ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით აშენებულ და 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ შენობებზე მშენებელი სუბიექტებისთვის მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებს, მათ შორისაა ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების, პირგასამტეხლოსგან, ცალკეულ ქმედებებზე ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მათი გათავისუფლება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პაკეტის თანახმად, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება – პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით. იმ ობიექტებს, რომლებიც აშენებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე და ამ ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს ან დეველოპერებს უფლება ექნებათ კანონის მიღების შემდგომ წარადგინონ შესაბამისი განცხადება და მოითხოვონ ადმინისტრაციული ორგანოდან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო პროცედურების წარმოება.
თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება და დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება.
კანონში დაგეგმილი ცვლილება ასევე ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.
პაკეტით ასევე განსაზღვრულია ის ვალდებულებები, რომელიც სამომავლოდ დააზღვევს თბილისს იმ ობიექტების ფუნქციონირებისგან, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.