დღეს NATO-ს სამიტზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

პუბლიკა

ბრიუსელში, დღეს, 14 ივნისს, NATO-ს სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.­ ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

„ბრიუსელის სამიტზე მიიღებენ დასკვნით დოკუმენტს – კომუნიკეს. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება NATO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე. ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება NATO-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიუსელის სამიტის პარალელურად, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ – მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“ – პანელზე სახელწოდებით – Investing in resilience.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერი ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.