გავეცნობი სიტუაციას და მივიღებ გადაწყვეტილებას - მთავარეპისკოპოსი ომბუდსმენის პანსიონში შესვლაზე

პუბლიკა

პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აღარ უხელმძღვანელებს. როგორც „პუბლიკას“ საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს, პანსიონის ხელმძღვანელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი გახდა.

მთავარეპისკოპოსი იაკობი ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონში ჩავიდა და ჟურნალისტებს პანსიონის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა მიეცათ. მან პირველი კომენტარისას განაცხადა, რომ მიტროპოლიტი სპირიდონი თავისი ნებით ეპარქიაში დაბრუნდა.

„მოხდა ისე, რომ მეუფე თავისი ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად. პატრიარქის გადაწყვეტილება რაც არის – მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი აქ. ახლა ვარ მე დირექტორი.

დიახ, ჩავიბარებ… მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით, გაგვეკეთებინა ის ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით, რომ გარკვეული მოვლენების გამო, არ დასცალდა მეუფეს ამის გაკეთება.

დარჩებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა. აქ ძალადობით არც არავის არ ტოვებენ. ჩვენ გვაქვს შეთანხება, რომელსაც ევროკაშირიც ეთანხმება, ასევე იუნისეფი… რა შეთანხმებაა და როგორც გვეწერა ეს გარდაქმნა, მოვახდინოთ, ევოლუციურად და არა რევოლუციურად.

სრული ნდობა აქვთ სოციალურ მუშაკებს, სახელმწიფოს წარმომადგენლებს… მე მგონი, ახლა ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის. კარი ხედავთ, გაგიღეთ, ღიაა, – უთხრა ჟურნალისტებს მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

მან ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო უკვე ამ გზით მიდის და დიდი ინსტიტუციები საჭირო არაა: „ამიტომ მცირე-მცირე საოჯახო რომ იქნება, იქაც დაზღვეული არ ხარ, მაგრამ მაინც დაზღვეული ხარ უფრო“.

შეკითხვაზე, შეუშვებს თუ არა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში, მთავარეპისკოპოსი იაკობი პასუხობს, რომ გაეცნობა სიტუაციას და მერე მიიღებს გადაწყვეტილებას.