ემუქრება კონკრეტულ ადამიანებსა და სახელმწიფოს. ამაზე უნდა იყოს შესაბამისი რეაგირება - თაბაგარი ვასაძეზე

პუბლიკა

Tbilisi Pride-ის დირექტორი გიორგი თაბაგარი ეხმაურება მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (ერი) დამფუძნებლის, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობების მქონე ბიზნესმენის, ლევან ვასაძის, დღევანდელ პრესკონფერენციას.

ლევან ვასაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი მსვლელობა არ ჩატარდება, რადგან იქ „სპონტანურად უამრავი ხალხი მივა და მოხდება ის, რაც მოხდება“.

„ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10-დღიანი ვადა მისცა პრაიდის კვირეულის გასაუქმებლად. ეს კაცი ღიად ძალადობდა 2019 წელს და მაშინ სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია მის შესაჩერებლად. პროკურატურას საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული. ზუსტად ამ უმოქმედობის შედეგია ის, რომ აგერ 2021 წელსაც იმავეს აგრძელებს.

ღიად ლობირებს რუსული კანონების მიღებას საქართველოში, ემუქრება კონკრეტულ ადამიანებს და სახელმწიფოს! ეს კაცი არის საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამაზე სახეწლმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება!“, – ამბობს თაბაგარი.


Tbilisi Pride-ის ორგანიზებით 5 ივლისს, ღირსების მარში იმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა ღირსების მარშისა მოეწყობა პრაიდის კვირეული, რის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.