ჯერი მთავრობაზეა – ეს განისაზღვრა შეხვედრაზე, თუმცა ისე გამოჰყავთ, თურმე ჩვენგან ელიან ნაბიჯს – გოლეთიანი

პუბლიკა

„ჯერი ახლა არის მათზე – სწორედ ეს განისაზღვრა შაბათის შეხვედრაზე და ასე დავშორდით ერთმანეთს, რომ ნაბიჯს ახლა ველოდებით ხელისუფლებისგან”, – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ეხმაურება ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განცხადებას. თურნავამ აქტივისტებს საჯარო პირობის დადებისა და ხეობაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ მოუწოდა.

როგორც გოლეთიანი ამბობს, როდესაც 12 ივნისის შეხვედრაზე დაისვა აქტივისტებზე პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხი, განხილვის შემდგომ შეხვედრაზევე ითქვა, რომ ამგვარი მიდგომა, ზოგადად, პროტესტის მიმართ არის არასწორი.

მისივე თქმით, მინისტრი ამგვარი განცხადებით, არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს შეხვედრის შინაარსის შესახებ და ასევე უპატივცემულობას იჩენს მედიატორის მიმართ.

„ისე გამოვიდა, რომ დავშორდით და ჩვენ ჩამოვედით გუმათში და ისე აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე ნაბიჯს ჩვენგან ელოდებიან თურმე – ასე გამოიყვანეს და შემოაბრუნეს ეს პროცესი. არადა, ყველა მხარე შევთანხმდით, რომ ნაბიჯი არის ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ შემდეგი პროცესი გავიგოთ, რა იქნება…

…ასევე, ვფიქრობთ, უპატივცემულობა გამოავლინა ბატონი ბუშლეს მისამართითაც იმიტომ, რომ შეთანხმდა ეს პირობები გარკვეულად და გამოიცა შესაბამისი დადგენილებაც, რა უნდა შესრულებულიყო ხელისუფლებისგან. ამიტომ, როდესაც ასე უხეშ და არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებ ამ დადგენილებისას, უბრალოდ, არასწორია და მართლა გინდა, ჩაშალო პროცესი“, – ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, ხეობაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აქტივისტებზე დაკისრება არასწორია, პროტესტის ბუნებიდან გამომდინარე. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი განაცხადებენ, რომ პასუხისმგებლობას იღებენ ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე, არაა გამორიცხული პროვოკაციული ქმედებები და გამოვა, რომ მოუწევთ იმ ტვირთის აღება, რაც მათზე არ იქნება დამოკიდებული.

„ვერავინ ვერ განსაზღვრავს, როცა იმ ადგილზე [სოფელ ნამოხვანში] გადაინაცვლებს პროტესტი, ვინ შეიძლება, იქ რამე დააშავოს. ეს შეიძლება თავად კომპანიის პროვოცირებით მოხდეს ან თვითონ შესაბამისი სახელისუფლებო სამსახურების მხრიდან მოხდეს რაღაც პროვოცირება დესტრუქციის. ამიტომ, რაკი ჩვენ გვექნება პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე აღებული, გამოვა, რომ ჩვენ უნდა დაგვბრალდეს ვიღაცის გაფუჭებული საქმე. ამის გამო, ბუნებრივია, ალოგიკური იქნებოდა, რომ ამას დავთანხმდებოდით და იქვე შევთანხმდით ამ შეხვედრაზე, რომ პასუხისმგებლობის ნაწილს ჩვენ ვერ ვიტვირთავთ, პროტესტის ბუნებიდან გამომდინარე.

თუმცა, თუკი რაიმე კანონგარეშე ქმედება იქნება ამა თუ იმ პერსონის მიერ, იქვე იქნება პოლიციაც და ადეკვატურად იმოქმედოს პოლიციამ, ხო?! ჩვენ რატომ უნდა ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა, უბრალოდ, გაუგებარია.

ასევე, გაუგებარია თვითონ მინისტრის დამოკიდებულებაც. ჩანს ახლა პირდაპირ, რომ ჩაშლა უნდათ ამ მედიაციის და თან ისე გამოიყვანონ, რომ ვერ შევიდეთ აი ამ მედიაციის პროცესში – ეს იკვეთება უკვე მათგან და ნამდვილად არაადეკვატური მოთხოვნაა დაყენებული ამ განცხადებით, ჩვენი მისამართით“, – ამბობს გოლეთიანი.


გუშინ, 14 ივნისს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ: როგორც კი ჩვენ გვექნება თუნდაც წინასწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს და არ მოხდება კომპანიისთვის ხელის შეშლა, არ მოხდება ზეწოლა იქ თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების იმიტომ, რომ იქ არის საწყობი, ბევრი მასალა, მათ შორის აალებადი მასალა, საწვავი და ასე შემდეგ. თუ გვექნება ჩვენ გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, რა თქმა უნდა, ეს საკითხი მყისიერად გადაწყდება. მაგრამ ამაზე საჯაროდ უნდა ითქვას და სხვათა შორის, ეს არის ასახული იმ ოქმში, რაც გამოქვეყნდა.